"საქართველო და ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინას" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას განუცხადა. მან უკრაინას და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე ეს პრემიერის პირველი კომენტარია.
„სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა არის აბსოლუტურად მიუღებელი და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ჩვენ, საქართველო და ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს, ჩვენს მეგობარ ხალხს. რა თქმა უნდა, ის, რაც უკრაინაში დღეს ხდება, დიდი ტრაგედიაა. ამ ომით, რომელიც სამწუხაროდ, ვერ იქნა შეკავებული და თავიდან აცილებული, ყველაზე მეტად დაზარალდება უკრაინა, მისი ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და უკრაინელი ხალხი, უკრაინელი ჯარისკაცები. ომს არანაირი გამართლება არ აქვს.
ეს ყველაფერი ჩვენს თავზე გამოვცადეთ 2008 წელს, როცა საუბედუროდ, თავიდან ვერ იქნა აცილებული აგვისტოს ტრაგიკული მოვლენები, რამაც ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ვინ დაზარლდა ამით? - ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, დავკარგეთ ტერიტორიები, რუსეთმა მოახდინა ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ოკუპაცია და შემდეგ აღიარება. მე მინდა დასკვნით ვთქვა, რომ ომი ყველასთვის მიუღებელია, არცერთ მხარეს გამარჯვებული არ ჰყავს, ზიანი ორივე მხარეს მიადგება. ვადასტურებ სოლიდარობას და მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ უკრაინაში ეს საომარი მოქმედებები შეჩერდეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.




























