მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველაფრის გათვალისწინებით, "BDO საქართველოსთვის" 2025 წელი წარმატებული იყო|ზურაბ ლალაზაშვილი

ზურაბ ლალაზაშვილი

ზურაბ ლალაზაშვილის შეფასებით, რომელიც ამჟამად კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში BDO-ს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებს, „BDO საქართველოსთვის“ 2025 წელი წარმატებული იყო.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების თანახმად, შარშან „BDO საქართველომ“ უშუალოდ აუდიტორული საქმიანობიდან 7.6 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2024 წლის მაჩვენებელს მცირედით, მაგრამ მაინც აღემატება.

„შარშან იმაზე უკეთეს შედეგს მივაღწიეთ, ვიდრე ველოდით. 2025 წლის დასაწყისში ბევრი გაურკვევლობა იყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარიმართებოდა ბიზნესაქტივობა, როგორი იქნებოდა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ და როგორი იქნებოდა ინვესტორების ინტერესი საქართველოს მიმართ. სწორედ ამ დიდი გაურკვევლობის გამო, 2025 წლის პროგნოზი საკმაოდ პესიმისტურად გვქონდა გაკეთებული. გასული წლის იანვარ-თებერვალში ჩვენ პესიმისტური სცენარიც კი დავგეგმეთ, თუმცა რეალობა ბევრად უკეთესი აღმოჩნდა. 2024 წელთან შედარებით, საქართველოში უფრო მეტი შემოსავალი გვქონდა - კომპანია გაიზარდა როგორც მთლიანი ბრუნვით, ისე სხვადასხვა სერვისის ჭრილში. შესაბამისად, იმ გარემოს გათვალისწინებით, რომელშიც გვიწევს ოპერირება, გასული წელი „BDO საქართველოსთვის“ მაინც წარმატებულად შემიძლია შევაფასო“, - განაცხადა მან გადაცემა „წერტილში“.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ბოლოს BDO-მ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში (CCA) ოფიციალურად დაიწყო საქმიანობა. ახალი, ერთიანი რეგიონული ფირმა, ხუთ ქვეყანას აერთიანებს: საქართველოს, სომხეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს და მას ზურაბ ლალაზაშვილი ხელმძღვანელობს.

BMGTV-სთან ვრცელ ინტერვიუში ზურაბ ლალაზაშვილმა ქართული ბიზნესის დღევანდელ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, საქართველოში „ბიზნესმა ახალ რეალობაზე მორგება დაიწყო“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები