მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველამ ერთად უნდა ვთქვათ ჩვენი სათქმელი" - თამაზ დაუშვილი მცირე და საშუალო ბიზნესს მიმართავს

დიო

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, კომპანია „დიოს“ აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი მცირე და საშუალო ბიზნესს, ახალგაზრდებს და მშობლების თაობას მიმართავს და ევროკავშირის სივრცის მნიშვნელობაზე საუბრობს.

ბიზნესმენი წერს, რომ ხმა უნდა მივცეთ საერთო ევროპულ მომავალს.

BM.GE პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მივმართავ მცირე და საშუალო ბიზნესს: მეგობრებო, ჩვენზე კარგად არავინ იცის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი კონკურენციის არსებობას. სწორედ ევროკავშირია ის ადგილი, სადაც მონოპოლიებს არ ეძლევათ უფლება დაჩაგრონ მცირე და საშუალო ბიზნესი. ევროკავშირში გარანტირებულია კანონის უზენაესობა. გახსოვდეთ, რომ ჩვენ - მცირე და საშუალო ბიზნესი, ვართ ყველაზე დიდი დამსაქმებლები ამ ქვეყანაში და ყველამ ერთად უნდა ვთქვათ ჩვენი სათქმელი. ახალგაზრდებსაც მინდა ვუთხრა: ჩემო საყვარელო შვილებო, ჩვენმა თაობამ ბევრი მსხვერპლი გაიღო, რომ საქართველო დღევანდელ დღემდე მოსულიყო. დღეს თქვენს ხელშია საქართველოს ბედი. მიდით არჩევნებზე და დაანახეთ მთელ მსოფლიოს, თუ ვისი გორისანი ხართ. დღეს საქართველოს ზუსტად ისე სჭირდება ახალგაზრდობის აქტიურობა, როგორც 1990 წლის 28 ოქტომბერს, როცა საქართველო დამოუკიდებლობის გზას დაადგა. მაშინაც ეროვნული მოძრაობის ბირთვს და მამოძრავებელ ძალას ახალგაზრდობა წარმოადგენდა.

ასევე მინდა მივმართო ჩვენი მშობლების თაობას: ჩვენო დედებო და მამებო, სწორედ ევროპაა ის ადგილი, სადაც ყველაზე კარგად არის დაცული თქვენი თაობა, სადაც არის ღირსეული პენსიები და სრულად გარანტირებული ჯანდაცვა. თქვენ აქამდე ბევრი ტანჯვა გამოიარეთ, დღეს კი, ხანდაზმულობაში, ღირსეულ პირობებს იმსახურებთ. მოდით არჩევნებზე და თქვენს შვილებთან და საოცარ შვილიშვილებთან ერთად ხმა მიეცით ჩვენს საერთო ევროპულ მომავალს!", - წერს ბიზნესმენი სოციალურ ქსელში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები