საზღვარგარეთიდან საარჩევნო კენჭისყრაში, ანუ არჩევნებში მონაწილეობა არის პროცედურა, რომელიც ქვეყნის ზოგიერთ ან ყველა ამომრჩეველს, რომლებიც დროებით ან მუდმივად იმყოფებიან საზღვარგარეთ, ქვეყნის ტერიტორიის გარეთ ხმის მიცემის უფლებით სარგებლობის საშუალებას აძლევს - ვკითხულობთ დემოკრატიისა და არჩევნების დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტის (International IDEA) პუბლიკაციაში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობის პრაქტიკებს იკვლევს.
საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობის კრიტერიუმები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება; ზოგიერთი სახელმწიფო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას უცხოეთში მხოლოდ ოფიციალური მიზეზით, მაგალითად დიპლომატიური ან სამხედრო მისიით მყოფ მოქალაქეებსა და მათ ოჯახებს აძლევს, სხვაგან კი არავითარი შეზღუდვა არ არსებობს. კენჭისყრაში მონაწილეობა ღიაა შრომითი მიგრანტებისთვის, ლტოლვილებისთვის, სტუდენტებისთვის და ა.შ. - მთავარია, მათ ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდეთ შენარჩუნებული.
საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობა სხვადასხვა სახის არჩევნებზე ვრცელდება, თუმცა, ყველაზე ხშირად ქვეყნები ამომრჩევლებს საყოველთაო ეროვნულ, ანუ საპრეზიდენტო ან/და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევენ. მას შემდეგ, რაც საქართველოში პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვალა, საქართველოს მოქალაქეებისთვისაც საზღვარგარეთ უბნები მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებისთვის გაიხსნა.
განსხვავდება კენჭისყრაში მონაწილეობის მეთოდებიც. ზოგიერთი ქვეყანა ემიგრანტებს საშუალებას აძლევთ, კენჭისყრაში მონაწილეობა ფიზიკურად, სპეციალურად გახსნილ საარჩევნო უბანზე მიიღონ. ზოგან ხელმისაწვდომია ხმის მიცემა ფოსტის ან მინდობილი პირის საშუალებით. ბოლო პერიოდში ასევე მზარდია ხმის ინტერნეტით მიცემის შემთხვევებიც.
International IDEA-ს 2020 წლის მონაცემებით, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით 216 სახელმწიფოსა და ტერიტორიის პრაქტიკების გათვალისწინებითაა შედგენილი:
- საპარლამენტო არჩევნებში ემიგრანტებს მონაწილეობის უფლებას აძლევს 125 ქვეყანა და ტერიტორია;
- საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ 88 ქვეყნის მოქალაქეებს;
- 24 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთიდან ღიაა კენჭისყრა სუბნაციონალურ (მაგალითად, თვითმმართველობის) არჩევნებშიც;
- 73 ქვეყანა და ტერიტორია თავის ემიგრანტებს საზღვარგარეთიდან რეფერენდუმში მონაწილეობის უფლებას აძლევთ;
- 2020 წლისთვის, ქვეყნების 73%-ს საზღვარგარეთიდან ხმის მიცემის გარკვეული ფორმა ჰქონდათ დანერგილი, რაც 2007 წლის შემდეგ, 16%-იანი ზრდაა.

International IDEA-ს მიერ შედგენილი რუკის თანახმად, 2020 წლის ივნისის მონაცემებით, უცხოეთიდან ხმის მიცემა დაშვებულია ევროკავშირის ყველა და ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, გარდა ალბანეთისა და მონტენეგროსი. საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობა დაშვებულია აშშ-სა და კანადაშიც. ასევე, სამხრეთ ამერიკის ყველა ქვეყანაში, გარდა ურუგვაისა და სურინამისა.
ჩრდილოეთ ამერიკაში კი საზღვარგარეთიდან ხმას ვერ აძლევენ კუბის, იამაიკისა და ჰაიტის არჩევნებში.
არჩევნებში საზღვარგარეთიდან მონაწილეობის მიღება დაშვებულია ავსტრალიასა და ოკეანიის ყველა ქვეყანაში.
აზიის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც არჩევნებს აორგანიზებენ, საზღვარგარეთიდან ხმის მიცემა დაშვებული არ არის არც ერთი ფორმით 11 ქვეყანაში:
- ავღანეთი
- კამბოჯა
- ჩრდილოეთ კორეა
- იორდანია
- კუვეითი
- ნეპალი
- პაკისტანი
- შრი-ლანკა
- პალესტინა
- ტაივანი
- ვიეტნამი
აფრიკის კონტინენტზე კი საზღვარგარეთიდან ხმის მიცემა დაშვებული არ არის შემდეგ ქვეყნებში:
- ბურკინა-ფასო
- ნიგერია
- ლიბერია
- სიერა-ლიონე
- სამხრეთ სუდანი
- ეთიოპია
- უგანდა
- კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
- ტანზანია
- ზამბია
- მალავი
- მადაგასკარი
- ესვატინი
გაეროს 2024 წლის მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის 3.7%, დაახლოებით 304 მილიონი ადამიანი, საერთაშორისო მიგრანტია.
რაც შეეხება საქართველოს, მხოლოდ 2024 წელს ემიგრაციაში ქვეყნის 64 594 მოქალაქე წავიდა, ჯამურად კი ემიგრანტების რიცხოვნობამ 121 425 კაცი შეადგინა.
ამ ფონზე "ქართული ოცნების" წევრმა შალვა პაპუაშვილმა დღეს დააანონსა, რომ ცვლილებები დაინიციირდება "საარჩევნო კოდექსში" და საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეები ხმის მიცემას მხოლოდ ქვეყნის სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ. შესაბამისად, საარჩევნო უბნები უცხოეთში აღარ გაიხსნება.
ცნობისთვის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, 42 ქვეყნის 53 ქალაქში, 67 საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მმართველმა პარტიამ ემიგრანტთა ხმების 13.49% მიიღო.




























