„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ აქვთ დრო „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომ ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა ჩიხში არ შეიყვანონ და ვეტოს დაძლევაზე უარი თქვან.
ჭიაბერაშვილის განცხადებით, საქმე არის ძალიან სერიოზულად და ჩიხში, რომელშიც საქართველო აღმოჩნდა და მასთან ერთად მისი მეგობრები და საერთაშორისო პარტნიორები ამ ჩიხში შეიყვანა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა.
„ქართველმა ხალხმა მკაფიოდ აჩვენა, რომ მათ სურთ დემოკრატია, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ეროვნული მიზნებით მოქმედი ხელისუფლება და რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა. მსოფლიოში სამწუხაროდ არსებობენ ავტორიტარული რეჟიმები, არადემოკრატიული რეჟიმები, მაგრამ ყველას შეერთებული შტატები არ უწესებს სანქციებს. სანქციები უწესდება მხოლოდ ისეთ რეჟიმებს, სადაც მკაფიოდ ჩანს ხალხის ნება და არსებული რეჟიმი მკვეთრად უპირისპირდება ხალხის ნებას. სწორედ ეს არის ხაზგასმული ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომ ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა არის მიზეზი თუ რატომაც შეერთებული შტატები გადადგამს ნაბიჯს სანქციების მიმართულებით.
ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ჩვენი მეგობრებისთვის ეს არ იყო ადვილად მისაღები გადაწყვეტილება, რადგან არავის არ სურს საქართველო იხილოს დასავლეთისგან იზოლირებული და ავტორიტარული ქვეყანა, როგორც ეს ივანიშვილმა 29 აპრილს დააანონსა და ივანიშვილის 29 აპრილის განცხადება აღმოჩნდა წყალგამყოფი ხაზი, რამაც ჩვენს მეგობრებს აფიქრებინა, რომ ახლა გადამწყვეტი ქმედებების დროა, ამიტომ მადლობა ეკუთვნის პირველ რიგში ქართველ ხალხს და მადლობა ეკუთვნის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ისინი არ ტოვებენ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ამ ისტორიულ ბრძოლაში“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.