ყველას უნდა უხაროდეს, რომ ჩინეთის ინტერესი დაფიქსირდა ამ სტრატეგიულ პორტში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, თელავში პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ შუა დერეფნის განვითარებისთვის, ჩინეთის მონაწილეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
„ვისაც ესმის ლოჯისტიკა, თუ ზოგადად ტვირთების საკითხი, საიდან შეიძლება მოვიზიდოთ დამატებითი ტვირთები, ვისაც წარმოდგენა აქვს შუა დერეფნის განვითარების შესახებ, საერთოდ კითხვა არ უნდა არსებობდეს, პირიქით, ყველას უნდა უხაროდეს, რომ ჩინეთის ინტერესი დაფიქსირდა ამ სტრატეგიულ პორტში. კარგად ვიცით, რომ ამ დერეფნის განვითარების ჭრილში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის მონაწილეობას. მიუხედავად, ჩვენი არაერთი მოწოდებისა უცხოელი პარტნიორებისადმი, სამწუხაროდ, არ გამოჩნდა არცერთი დასავლური კომპანია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ყველა შესაძლებლობა ქვეყანამ სათავისოდ უნდა გამოიყენოს.
"ჩინეთთან ეკონომიკური აქტივობა და ვაჭრობა აქვს ამერიკას, ევროპას. ვხედავთ, რომ ბევრი ევროპის წამყვანი ლიდერის ვიზიტს ჩინეთში და პირიქით ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტს საფრანგეთში და ევროპის შუა გულში. ეს ნორმალურია. ნუ ვიქნებით დაკომპლექსებული, დაღდასმული აზროვნებით. ჩვენ ყველა სიტუაცია საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ, ჩვენი ქვეყნისთვის. თუ რაიმე კონტრაქტი იქნება ჩინეთთან, ამერიკასთან, ევროპასთან და სარგებელს მოუტანს ქვეყანას, ყველაფერი მისასალმებელია“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის გამოვლენის საერთაშორისო კონკურსში, რომლის ფინალურ ეტაპზე ორი კომპანია მონაწილეობდა, საბოლოოდ საკუთარი წინადადება მხოლოდ ერთმა - ჩინურ-სინგაპურულმა ჰოლდინგმა - China Communication Construction Company Limited წარადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კომპანია კონკურსში გამარჯვებულად ფაქტობრივად შეიძლება ჩაითვალოს.
China Communication Construction Company Limited არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მსხვილი კონგლომერატი, რომელიც ფოკუსირდება მსხვილი ინფრასტრუქტურული აქტივების მშენებლობაზე, ფლობასა და ოპერირებაზე, მათ შორის აეროპორტების, პორტების, რკინიგზების, ნავთობპლატფორმების და სხვა აქტივების ფლობა/ოპერირებაზე. კომპანია 2005 წელს არის დაფუძნებული, მისი 63.8%-იან წილს სახელმწიფო ფონდი SASAC ფლობს.
აღსანიშნია, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორი ჩინური კონსორციუმი და მისი შვილობილები აშშ-ის შეზღუდვების ქვეშ არიან. კერძოდ, 2020 წელს აშშ-ის კომერციის დეპარტამენტმა CCCC და მისი რამდენიმე შვილობილი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის თავდაცვის ძალების სასარგებლოდ ხელოვნური კუნძულების მშენებლობის პროცესში ჩართულობის გამო, სპეციალურ სიაში შეიყვანა და ამერიკულ კომპანიებს ნებართვის მოპოვების გარეშე მასთან გარიგებებსა და ოპერაციებში შესვლა შეუზღუდა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი აცხადებს, რომ ეს არ წარმოადგენს აქტივების მაბლოკირებელ სანქციას, რომელიც კომპანიას საქართველოში პროექტების განხორციელებას შეუზღუდავდა. მისი თქმით, CCCC-ის მიმართ არ მოქმედებს არავითარი სანქცია, რაც კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტის მშენებლობაში შეზღუდავდა.