ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება გაზაფხულამდე გადაიდო. ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას გააჟღერა.
„ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გათვალისწინებული იქნება ჯამურად 70 მლნ ლარი, 50 მლნ იქნება 2024 წელს ჩადებული და 20 მლნ უკვე წელს გამოვყავით. ჩვენი მხრიდან დასადები თანხები უკვე მობილიზებულია და მშენებლობა დაიწყება გაზაფხულზე. დეკემბერ-იანვარში გამოვაცხადებთ გამარჯვებულ ინვესტორს და ერთობლივად დავიწყებთ პორტის მშენებლობას მარტ-აპრილში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ამჟამად კონკურსის მეორე რაუნდი მიმდინარეობს. ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 22 სექტემბერს განაცხადა, რომ პროექტის განხორციელებით ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი და შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია არიან დაინტერესებული და სწორედ ეს ორი კომპანია მიიღებს კონკურსის მეორე ეტაპში მონაწილეობას.
საქართველოს მთავრობა ანაკლიის მშენებარე პორტში მაჟორიტარი აქციონერი იქნება და საკონტროლო 51% პაკეტი მის მფლობელობაში იქნება. შესაბამისად, გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვით სახელმწიფო ეძებს ინვესტორს, რომელიც ასობით მილიონი დოლარის კაპიტალდაბანდებას თავად განახორციელებს და პორტში მხოლოდ 49%-იან მფლობელობას დასჯერდება. ამასთან, მთავრობა აცხადებს, რომ ის კერძო ინვესტორის კრედიტების გარანტირებას არ აპირებს. მთავრობის ინფორმაციით, პროექტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 589 მილიონ დოლარს შეადგენს.
პროცესის პარალელურად, სახელმწიფომ დააფუძნა კომპანია, რომელმაც დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით. ამავე კომპანიას, კაპიტალშენატანის სახით, გადაეცემა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი.