მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყველაზე დიდი გამოწვევა ადგილობრივი და ხარისხიანი ნედლეულის შეძენაა“ - "მადარტი"

60deeed3f0bb0
ვიქტორია მღებრიშვილი
02.07.21 23:35
1626
საკონდიტრო საწარმო „მადარტი“ დღეისთვის თბილისში რეალიზაციის ოთხ ობიექტს და ერთ ძირითად საწარმოს მართავს, 700-მდე ადამიანს ასაქმებს და წარმოებაში დიდწილად ადგილობრივი ნედლეულის მოხმარებას ცდილობს. თუმცა კომპანიის ფინანსური დირექტორი ოპერირებისას ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ყველაზე დიდი გამოწვევა ადგილობრივი და ხარისხიანი ნედლეულის შეძენაა“. საკითხზე BM.GE-სთან ბექა ბოსტაშვილმა ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, დღეისთვის „მადარტი“ სრულად ადგილობრივ რძის პროდუქტებს და 7 მლნ-მდე კვერცხს მოიხმარებს, ხოლო წლიურად მოხმარებული 150 ტონა კენკრიდან, 60% ქართული წარმოებისაა.

„წარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხის მუდმივ განვითარებას ვცდილობთ. მნიშვნელოვანია ასევე ხარისხიანი ნედლეულის გამოყენება და რა თქმა უნდა, როცა საშუალება გვეძლევა, ყოველთვის ვცდილობთ არჩევანი ქართული წარმოშობის, ადგილობრივ ნედლეულზე გავაკეთოთ.

პანდემიით გამოწვეული რიგი ფაქტორების გარდა, ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის ადგილობრივი და ხარისხიანი ნედლეულის შეძენაა, რადგან ჩვენი სფერო ძალიან სპეციფიკურია და მომწოდებლისგან მიღებული ნედლეულის ხარისხი, ჩვენი პროდუქციის ხარისხზე პირდაპირ აისახება“, - განმარტავს ბექა ბოსტაშვილი.

„მადარტის“ ფინანსური ხელმძღვანელი ქვეყანაში ხარისხიანი კენკრის, რძის პროდუქტების, თაფლის და ა.შ. წარმოება-გამოჩენას მიესალმება. „ის, რომ მაქსიმალურად ჩვენს ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია შევიძინოთ, მომავალში ეკონომიკის განვითარებისთვისაც ხელისშემწყობი ფაქტორი იქნება“, - ამბობს კომპანიის ფინანსური დირექტორი.

ბექა ბოსტაშვილი პროდუქტის ხარისხის შენარჩუნების ნაწილში ნაწარმზე ფასების ზრდის მიზეზებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მომხმარებლები ფასების ზრდას გაგებით ეკიდებიან.

„ლარის კურსის ცვლილება ჩვენზეც დიდ გავლენას ახდენს. ადეკვატური ფასები შენარჩუნებას მაქსიმალურად ვცდილობთ, მაგრამ რა თქმა უნდა გაზრდა გვიწევს, რადგან ყოველ თვე, ჩვენც გაძვირებული ნედლეულის შეძენა გვიწევს. ჩვენი მთავარი ნიშა ბაზარზე, მაღალი ხარისხის მქონე ნაწარმის შექმნაა, შესაბამისად არიან ადამიანები, რომლებსაც ესმით, რომ ამ ხარისხის შენარჩუნება, მაღალხარისხიანი ნედლეულის შეძენასთან პირდაპირპროპორციულია და ფასის ზრდასაც გაგებით ეკიდებიან, სხვანაირად ჩვენი ბიზნესის საქმიანობის გაგრძელება შეუძლებელია“, - უთხრა BM.GE-ის კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა.

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ პანდემიის მიუხედავად, გასულ წელს, 4.5 მლნ ლარის ინვესტიციით ერთი ფილიალი გახსნა და მიტანის სერვისი გააძლიერა. სამომავლო პროგნოზებს რაც შეეხება, ბექა ბოსტაშვილი აცხადებს: „მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, რთულია პროგნოზებზე და შემოსავლების მაღალ პროცენტულ ზრდაზე საუბარი, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ახალი ფილიალის გახსნა და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა, 2021 წლის წარმატებით დასრულებაში დაგვეხმარება. ვიმედოვნებთ, საშუალება მოგვეცემა ჩვენი ბიზნესის სტრატეგია აღვასრულოთ და თბილისისა და რეგიონების მასშტაბით ჩვენთვის მნიშვნელოვანი ლოკაციები მოვიცვათ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები