შესაძლოა, იახტა გადაადგილების ან ტრანსპორტის ექსტრავაგანტური სახეობას არ წარმოადგენდეს, მაგრამ იგი ფუფუნების საგანთა იმ ჩამონათვალს დამსახურებულად მიეკუთვნება, რომლებიც პრესტიჟულობის სტატუსს წლების განმავლობაში ინარჩუნებენ. შესაბამისად, პლანეტის ყველაზე ცნობილი თუ მაღალშემოსავლიანი ადამიანები, ხშირად ერთზე მეტ იახტასაც კი ფლობენ.
ზოგიერთის პირად საკუთრებაში არსებული მცურავი საშუალება ანუ იახტა სხვებისგან როგორც გაბარიტებით,ასევე ფუნქციებითა და ინტერიერითაც გამოირჩევა. სხვადასხვა წყარო ცნობილი ადამიანების ქონებას განსხვავებულად აფასებს და, შესაბამისად, მათი ზუსტი ღირებულება, როგორც წესი, უცნობია, მაგრამ ყველა უცხოური გამოცემა ერთხმად თანხმდება, რომ ყველაზე ძვირად ღირებული იახტა 550 მილიონ დოლარად შეფასებული “Rising Sun”-ია, რომელიც ამჟამად მილიარდერი ბიზნესმენის, დეივიდ გეფენის მფლობელობაშია. ამერიკელი პროდიუსერი და DreamWorks Studio-ს დამფუძნებელი გერმანული კომპანია “ლურსენის” მიერ 2004 წელს აშენებულ სუპერიახტას ფლობს, რომელიც მსოფლიოში სიდიდით რიგით მე-12 ადგილზეა. Rising Sun ჰოლივუდური გლამურისა და სტატუსის სიმბოლოა, რის გამოც ცნობილი ადამიანები კერძო წვეულებებისთვის მას ხშირად ქირაობენ. გემი 82 ოთახისგან შედგება და ერთდროულად 18 სტუმარსა და ეკიპაჟის 55 წევრს იტევს. გემზე შეხვდებით კალათბურთის მოედანს, ღვინის მარანსა და კინოთეატრს.
კიდევ ერთი გამორჩეული იახტის მფლობელი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი, ჯეფ ბეზოსია. ამაზონის დამფუძნებელი 127 მეტრიან გემს ფლობს, რომელიც მსოფლიოში უდიდეს იახტად ითვლება. ბეზოსს გემზე 18 სტუმრის მასპინძლობა შეუძლია, მისი ეკიპაჟი კი 40 წევრისაგან შედგება. 500 მილიონ დოლარად შეფასებულ იახტაზე, სახელად “კორუ”, რამდენიმე საცურაო აუზი, სასადილო სივრცე და ბარია განთავსებული.
ძვირად ღირებული იახტების სიას “ეოსიც” მიეკუთვნება, რომელიც ბელგიელი დიზაინერის, დაიან ფონ ფურშტეინბერგის ოჯახმა 2009 წელს 200 მილიონ დოლარად შეისყიდა. სიგრძეში 91 მეტრიანი იახტის ასაშენებლად “ლურსენს” 3 წელი დასჭირდა. გემის ინტერიერი საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის, თუმცა ვიცით, რომ იახტაზე, რომელიც 14 სტუმარს იტევს, სხვა ექსტრავაგანტურ ნივთებთან ერთად, თავად მფლობელის, დაიან ფურშტეინბერგის სკულპტურასაც შეხვდებით.
იახტებს შორის ყველაზე ჭკვიან მოდელს კი Microsoft-ის თანადამფუძნებელი, პოლ ალენი ფლობდა - “ოკტოპუსად” წოდებული მეგაიახტა “ლურსენმა” 2003 წელს სპეციალურად ალენისთვის ააგო. მისი საბაზრო ღირებულება 200 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, იახტა კი ამჟამად კაიმანის კუნძულებზეა რეგისტრირებული. “ოკტოპუსის” ეკიპაჟი 57 წევრისაგან შედგება და 26 ადამიანს იტევს, რის გამოც 2018 წელს პოლ ალენის გარდაცვალების შემდეგ, მისი ფონდი იახტას ხშირად აქირავებს სამეცნიერო კვლევებისა და ექსპედიციებისთვის.
ალბათ არავის გაუკვირდება, რომ 2024 წლის პლანეტის უმდიდრესი ადამიანი, ბერნარ არნო მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო იახტას ფლობს. გემი, სახელწოდებით “სიმფონია” არნომ 150 მილიონ დოლარად შეიძინა. მისი სიგრძე 100 მეტს აღემატება, რითაც ის ნიდერლანდებში წარმოებული ყველაზე დიდი ზომის იახტაა. “სიმფონიის” მთავარ გემბანზე 6-მეტრიანი საცურაო აუზია განთავსებული. ღია ცის ქვეშაა მოწყობილი კინოთეატრი და ჯაკუზიც.
გამორჩეულ იახტას ფლობდა ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეჟისორი და სცენარისტი, ოსკაროსანი სტივენ სპილბერგიც, რომელმაც იახტა, სახელწოდებით “შვიდი ზღვა”, 2010 წელს შეუკვეთა და მისი ინტერიერის გამორჩეული ნაწილიც თავად შექმნა. საუბარია საცურაო აუზის გასწვრივ დამონტაჟებულ შუშის მასობრივ კედელზე, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, კინოთეატრის ეკრანად იქცევა ხოლმე.
2011 წელს, Apple-ის დამფუძნებლის, სტივ ჯობსის გარდაცვალების შემდეგ, 120 მილიონ დოლარად შეფასებული სუპერიახტა, სახელად “ვენერა”, მისი ოჯახის მფლობელობაში გადავიდა. სპეციალურად სტივ ჯობსისთვის გემს ნიდერლანდური კომპანია აშენებდა, თუმცა “ვენერას” დასრულება ჯობსის გარდაცვალებამდე ვერ მოესწრო. იახტამ ღია ზღვაში პირველად 2012 წელს შეცურა. გემის სიგრძე 78 მეტს აღემატება და მისი ინტერიერი სრულად Apple-ის პროდუქტებითაა მოწყობილი.
ამერიკელი შონ კომბი ამჟამად ჰიპ-ჰოპ მუსიკაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ შემოსავლიან არტისტად ითვლება და მის მფლობელობაში არსებული იახტაც ამ სტატუსს უსვამს ხაზს. 65 მილიონ დოლარად შეფასებული “მარაია” რეპერმა 2012 წელს შეიძინა. იტალიური წარმოების გემზე ლიფტს, საცეკვაო მოედანს, ჯაკუზს, სავარჯიშო დარბაზსა და კინო-თეატრსაც შეხვდებით. “მარაია” საკმაოდ მოცულობითი გემია, მისი 6 კაბინა კი 12 სტუმარს იტევს.
ფურშტეინბგერი ერთადერთი დიზაინერი არ აღმოჩნდა, რომელმაც კერძო იახტის შერჩევის დროს ძვირად ღირებული გემოვნება გამოავლინა. 64 მილიონ დოლარად შეფასებულ სუპერიახტას, სახელად “მეინ”, ჯორჯიო არმანი ფლობს. Armani Group-ის ხელმძღვანელმა საკუთარი გემის დიზაინი თავადვე შექმნა, რის გამოც, იგი უჩვეულოდ მუქი ფერებითა და თანამედროვე ინტერიერით გამოირჩევა. არმანის იახტა სიგრძეში 65 მეტრს აღწევს, მისი დაქირავება კი, კვირაში 185 000 ევროდან, ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ძვირად ღირებული, გამორჩეული იახტების განხილვას არც მეტი, არც ნაკლები, ჯეკი ჩანი ხურავს. მსახიობმა “ჯინ ლონგი” 2019 წელს, ჩინელი მწარმოებლისგან, 46 მილიონ დოლარად შეიძნა. 46 მეტრიანი სუპერიახტა თეთრი ექსტერიერით გამოირჩევა, ინტერიერში კი სავარჯიშო დარბაზსა და საცურაო აუზსთან ერთად, საუნას ადგილიც გამოინახა.