მინიმალური ხელფასების შესახებ კანონმდებლობა სხვადასხვა სახით მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მონაცემებით, სრულ განაკვეთზე დასაქმებულთათვის ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი შვეიცარიაშია და ის თვეში 3,800 დოლარის ექვივალენტს შეადგენს. საქართველო ამ სპექტრის ბოლოშია, რადგან ოფიციალური მინიმალური ხელფასი, რომელიც ჯერ კიდევ 1999 წელს მაშინდელი პრეზიდენტის ბრძანებით განისაზღვრა და რთულია თქმა, აქვს თუ არა დღეს რაიმე იურიდიული ძალა, 20 ლარს შეადგენს. სწორედ 20 ლარის მინიმალური ხელფასი აქვს ILO-ს საქართველოსთვის მის სტატისტიკაში შეყვანილი, რაც აშშ დოლარებში $7-ს შეადგენს. ამაზე დაბალი მინიმალური ხელფასები ILO-ს თანახმად, მხოლოდ 4 ქვეყანაშია, ესენია სიერა ლეონე ($6); რუანდა ($3); ბურუნდი ($2); უგანდა ($2).
საქართველოში 2021 წლის მდგომარეობით, საშუალო ხელფასი 1,328 ლარს შეადგენს, რაც ეროვნულ “მინიმალურ ხელფასთან”, ანუ 20 ლართან შედარებით ზუსტად 66.4-ჯერ მაღალია, ეს კი ნიშნავს, რომ იმისდა მიუხედავად არსებობს თუ არა ზოგადად მინიმალური ხელფასის შესახებ რაიმე ჩანაწერი, თავად შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარე შექმნილია ვითარება, რომ დასაქმებულთა საშუალო შემოსავალი გაცილებით მეტია, ვიდრე “მინიმალური ხელფასი.”
რა მოხდება მაშინ, თუ ოფიციალურ მინიმალურ ხელფასად 200-300 ლარი დადგინდა?
იმის გამო, რომ მინიმალური ხელფასი, როგორც წესი, ყველაზე დაბალ საშემოსავლო ჯგუფებს ეხება, ეკონომიკურად ყველაზე დიდი გავლენა მას სწორედ სოციალურად მოწყვლად ფენებზე ექნება.
საქართველოში 300 ლარზე ნაკლები ანაზღაურება (წლიურად 3600 ლარზე ნაკლები შემოსავალი) 393,000 მოქალაქეს აქვს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 10%-ზე მეტს შეადგენს.
შესაბამისად, მინიმალური ხელფასის შესახებ ცვლილებების შეტანა მოქალაქეთა 10%-ზე პირდაპირ გავლენას მოახდენს.
დამსაქმებლების ნაწილი იძულებული გახდება, რომ საკუთარი სამუშაო ძალა შეამციროს, რაც უმუშევრობის პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს.
მინიმალური ხელფასის კიდევ ერთი ეფექტი არაფორმალური სექტორის ზრდა იქნება. იმის გამო, რომ დამსაქმებელი ოფიციალურ კონტრაქტში პირობითად, 300 ლარზე ნაკლებ ხელფასს ვერ ჩაწერს, ამ კატეგორიის დასაქმებულების ნაწილი არაფორმალურ სექტორში გადაინაცვლებს, რის შედეგადაც 1) სახელმწიფო მათი საშემოსავლო გადასახადის საბიუჯეტო შემოსავალს დაკარგავს; 2) ოფიციალური კონტრაქტის არარსებობის პირობებში, დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის ხარისხი გაუარესდება.
იმის გამო, რომ ათასობით ბიზნესს დასაქმებულთა ანაზღაურების საკანონმდებლო მოთხოვნებით დადგენილ ნორმასთან გათანაბრება დაევალება, ამას ამ ბიზნესების ხარჯების ზრდა მოჰყვება, რასაც კერძო კომპანიები საკუთარ სარეალიზაციო ფასებში ასახავენ, ეს კი ფასებსა და ინფლაციაზეც აისახება, რაც ყველაზე მძიმე ტვირთად ისევ მოსახლეობის მოწყვლად ფენას დააწვება.