ამერიკული სპორტული გამოცემა “Sportico” მესამე წელია, რაც ყველაზე მაღალანაზღაურებადი ათლეტების სიას აქვეყნებს, რომელშიც სპორტული და სასპონსორო შემოსავლები გათვალისწინებულია.
2023 წლის ასეულის შემოსავლებმა 5,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 21%-ით აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს. საუკეთესო 15-ეულში ცხრა ქვეყნის წარმომადგენელია, მაგრამ ზოგადად ასეულში ამერიკელები ჭარბობენ, რაც NBA-ის, NFL-ისა და MLB-ის დამსახურებაა.
ამერიკის გარდა, საფრანგეთი და ინგლისი ის ორი სახელმწიფოა, რომელთაც რეიტინგში ერთზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს.
ასეულში უმრავლესობა ანუ 40% კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული, ამერიკელი ფეხბურთელები 16%-ს, ბეისბოლის მოთამაშეები 13%-ს, ფეხბურთელები 11%-ს, გოლფის მოთამაშეები 10%-ს, მოკრივეები 6%-ს, ხოლო ჩოგბურთელები და ავტომრბოლელები 2%-ს შეადგენენ.
საკვირველია, თუმცა რეიტინგში ვერ მოხვდნენ შერეული საბრძოლო ხელოვნების, კრიკეტისა და ჰოკეის სპორტსმენები.
ასეულში ყველაზე ახალგაზრდა, 20 წლის ესპანელი ჩოგბურთელი კარლოს ალკარასია, რომელმაც 2023 წელს 42,2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
მთლიანობაში სულ ათლეტები რვა სპორტის სახეობიდან და 25 ქვეყნიდან გვხვდებიან და გამომუშავებული 5,4 მილიარდიდან 1,2 მილიარდი სპონსორებსა და რეკლამებზე მოდის, ხოლო დანარჩენი 4,2 მილიარდი მთლიანად ხელფასებზე.
2023 წლის ათი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ათლეტის რეიტინგი ასე გამოიყურება:
10. პატრიკ მაჰოუმსი (ამერიკული ფეხბურთი) - 84,3 მილიონი დოლარი
9. კევინ დურანტი (კალათბურთი) - 86,9 მილიონი დოლარი
8. იანის ანტეტოკოუნმპო (კალათბურთი) - 88,4 მილიონი დოლარი
7. სტეფ კარი (კალათბურთი) - 98,9 მილიონი დოლარი
6. ნეიმარი (ფეხბურთი) - 121 მილიონი დოლარი
5. კილიან მბაპე (ფეხბურთი) - 125 მილიონი დოლარი
4. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) - 125,7 მილიონი დოლარი
3. ლიონელ მესი (ფეხბურთი) - 130 მილიონი დოლარი
2. ჯონ რამი (გოლფი) - 203 მილიონი დოლარი
1. კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი) - 275 მილიონი დოლარი