მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოლიტიკური ლიდერები მსოფლიოში - TOP 10

ანაზღაურებები

სახელმწიფოს თუ მთავრობის მეთაურობა, ტრადიციული სამუშაო საათებისგან განსხვავებით, უფრო ხანგრძლივ პროფესიულ დღეს მოითხოვს, მათი ანაზღაურება კი, არც თუ ისე მაღალია, ყოველ შემთხვევაში, თუ მას მსხვილი კომპანიების CEO-ბის შემოსავლებს შევადარებთ.

ამის მიუხედავად, ზოგიერთი ქვეყნის ლიდერს იმაზე მაღალი ხელფასი აქვს, ვიდრე - სხვებს. გლობალურად ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი პოლიტიკური ლიდერების ათეული, World Population Review-ის თანახმად, ასე გამოიყურება:

1. ლი სიან ლუნი - სინგაპურის პრემიერ-მინისტრი

ლი სიან ლუნი მსოფლიოს მთავრობათა ლიდერებს შორის ყველაზე მაღალ კომპენსაციას იღებს - ყოველ წლიურად, დაახლოებით, $1.6 მილიონს.

სინგაპურში ხელისუფლების უმაღლესი პირებისთვის მაღალი ხელფასების დანიშვნა განსაკუთრებულად პროფესიონალი კადრების მოზიდვასა და კორუფციის თავიდან არიდებას ემსახურება. შესაძლოა, სწორედ ამიტომ მიეკუთვნება სინგაპური იმ ქვეყანათა ჩამონათვალს, სადაც კორუფციის დონე ძალიან დაბალია.

2. ჯონ ლი კა-ჩიუ - ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის მეთაური

მეორე ადგილოსანი ჯონ ლი, აღმოსავლური მედიის თანახმად, წელიწადში $672 000-ს გამოიმუშავებს. ჩინური გაზეთის “South China Morning Post” ინფორმაციით, ლის წლიური ხელფასი მას შემდეგ გაეზარდა, რაც ჰონგ-კონგის მთავრობამ მიიღო ინიციატივა, პოლიტიკური ლიდერებისათვის ხელფასები 12.4%-ით გაეზარდათ.

ხელფასის ზრდის ინიციატივის მიზანი მაღალკვალიფიციური კადრების წახალისება და ინფლაციის ეფექტების შემცირება იყო.

3. ალან ბერსე - შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი

ბერსე აღნიშნულ თანამდებობას 2023 წლის იანვრიდან იკავებს, მისი წლიური ანაზღაურება კი $505 000-ით განისაზღვრება.

4. ჯო ბაიდენი - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი

ბევრი ფიქრობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მსოფლიოში ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი პრეზიდენტია, თუმცა ჯო ბაიდენი რეიტინგში მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს, მისი წლიური ხელფასი კი $400 000-ია.

თუმცა, გარდა წლიური ხელფასისა, აშშ-ის პრეზიდენტს დამატებით $50 000-ის განკარგვის უფლება აქვს, რომელიც მან “სამსახურებრივი მოვალეობის შეცდომით შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების გადასაფარად” უნდა დახარჯოს. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტს წვდომა აქვს ქვეყნის ყველაზე ძვირად ღირებულ დაწესებულებებთან, მაგალითად, თეთრ სახლთან.

5. ანტონი ალბანესი - ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი

ავსტრალიის ლეიბორისტული პარტიის ყოფილი ლიდერი და ამჟამინდელი პრემიერი, ანტონი ალბენსი, ყოველწლიური ხელფასის ოდენობით მცირედით ჩამორჩება ბაიდენს. მისი წლიური ანაზღაურება $378 000-ით განისაზღვრება.

ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი პოლიტიკური ლიდერების TOP 10-ში ხვდება გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც, რომელიც წლიურად $360 000-ს იღებს. მეშვიდე ადგილს ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი, კრის ჰიპკინსი იკავებს, რომლის კომპენსაციაც $340 000-ს აღწევს.

TOP 10-ში ხვდება მავრიტანიის პრეზიდენტი მუჰამედ ულდ ღაზუანიც, $330 000-იანი წლიური ანაზღაურებით. რომელსაც ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი მოსდევს - მისი წლიური ხელფასი $328 000-ია. $278 000-ია ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის, ლუკ ფრეიდენის ანაზღაურება.

ამასთანავე, ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი გაწეული სამუშაოსთვის შესაბამის ანაზღურებას საერთოდ ვერ იღებენ. მათ შორისაა ლაოსის პრეზიდენტი, რომლის წლიური ხელფასი მხოლოდ $1 630-ია, კუბას პრეზიდენტი მიგელ დიაზ-კანელი - $360, და ირანის ლიდერი ალი ხამენი, რომელიც, როგორც ამბობენ, არავითარ კომპენსაციას არ იღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები