მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გადაწყვიტა საკლუბო მუნდიალს ახალი სიცოცხლე შთაბეროს და წარსულში ტურნირი თუკი ყოველწლიურად იმართებოდა და მხოლოდ შვიდი გუნდი მონაწილეობდა, ახლა FIFA-მ ფორმატი გააფართოვა და 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ის ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარდება, როგორც ნაკრებთა შორის არსებული მსოფლიო ჩემპიონატი.
FIFA-მ საგრძნობლად გაზარდა საპრიზო ფონდიც 1 მილიარდ დოლარამდე, საიდანაც გამარჯვებული გუნდი 125 მილიონს მიიღებს. ეს მნიშვნელოვნად აღემატება 2023 წლის ტურნირის ჯამურ 16 მილიონიან ფონდს და ჩემპიონისთვის განკუთვნილ 5 მილიონიან პრიზს. თუმცა უშუალოდ ფეხბურთელებთან ამ თანხის მხოლოდ ნაწილი მიდის.
ჩემპიონატში მონაწილე მოთამაშეებს შორის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ლიონელ მესია, რომელსაც კარიერაში 46 ტიტული აქვს მოგებული. უფრო მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა ფეხბურთელს, სპორტის ყველაზე გლობალური სახეობის ისტორიაში. ალბათობა იმისა, რომ ის კიდევ ერთ ტიტულს დაამატებს FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე კონკურენციის გათვალისწინებით საკმაოდ მცირეა. ტურნირი 14 ივნისს იწყება და მისი გუნდი, “ინტერ მაიამი”, 65-დან 1 კოეფიციენტით არის შეფასებული ტურნირის მოგებისთვის. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს მინდორზე, ერთი ტიტული 37 წლის არგენტინელ სუპერვარსკვლავს უკვე გარანტირებული აქვს.
ბოლო 12 თვის განმავლობაში (გადასახადებისა და აგენტის საკომისიოს გაქვითვამდე) მესის 135 მილიონი დოლარის შემოსავალი ჰქონდა, რაც მას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ აქცევს. ამ თანხიდან 60 მილიონი მან მინდორზე მოიპოვა — ხელფასისა და ბონუსების სახით, ხოლო 75 მილიონი რეკლამებიდან, საჯარო გამოსვლებიდან და სხვა ბიზნეს საქმიანობიდან.
მესის ამ ტურნირზე სხვა ტოპშემოსავლის მქონე ფეხბურთელებიც შეუერთდებიან, მათ შორის არიან მადრიდის “რეალის” ფორვარდი კილიან მბაპე (90 მილიონი დოლარი), “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი (62 მილიონი), მბაპეს თანაგუნდელი ვინისიუს ჟუნიორი (55 მილიონი) და “ბაიერნის” ფორვარდი ჰარი კეინი (39 მილიონი).
ერთად, ამ ხუთმა ფეხბურთელმა ბოლო წლის განმავლობაში ჯამში 381 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
მაგალითად, MLS-ის (ამერიკული ლიგის) კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, ლიგის ფეხბურთელები მოედანს გარედან მიღებული თანხის მხოლოდ 50%-ს იღებენ, და ისიც 1 მილიონ დოლარამდე თითო გუნდზე. MLS-ის მოთამაშეთა ასოციაცია მოითხოვს ამ შეზღუდვის გაზრდას საკლუბო მუნდიალისთვის. თუმცა, ტურნირის დაწყებამდე შეთანხმება კვლავ არ არის მიღწეული. ამ დროს ესპანური გამოცემა Marca-ს მიხედვით, მადრიდის “რეალი” თავის ფეხბურთელებს ტიტულის მოპოვების შემთხვევაში თითოეულს 1 მილიონ ევროს დაჰპირდა.
კევინ დე ბრუინი, რომელმაც წელიწადში 39 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ჰარი კეინს შემოსავლის მიხედვით გაუტოლდებოდა, თუმცა ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებს. “მანჩესტერ სიტიში” ათწლიანი კარიერის შემდეგ ის იტალიურ “ნაპოლიში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. 33 წლის ბელგიელმა მანამდე მკაფიოდ განაცხადა, რომ ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებდა.
ტურნირზე ასევე არ იქნებიან ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან მოჰამედ სალაჰი (შემოსავალი — 53 მილიონი დოლარი), რომლის “ლივერპულიც” ვერ მოხვდა ტურნირზე, რადგან FIFA-ს კრიტერიუმებმა ინგლისიდან “მანჩესტერ სიტი” და “ჩელსი” არჩია; და ნეიმარი (შემოსავალი — 76 მილიონი დოლარი), რომელმაც იანვარში გაწყვიტა კონტრაქტი საუდის არაბეთის “ალ ჰილალთან”.
ყველაზე თვალსაჩინო არ ყოფნა კი კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნის, რომელიც ზოგადად სპორტსმენებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადია — 275 მილიონი დოლარის წლიური შემოსავლით. მისი კლუბი, არაბული “ალ-ნასრი”, ტურნირში ვერ მოხვდა. მისი კონტრაქტი ივნისში იწურება, რამაც გამოიწვია სპეკულაცია, თითქოს რომელიმე მონაწილე გუნდს შეეძლო მასთან მოკლევადიანი კონტრაქტის გაფორმება.
თუმცა, რონალდუმ ამ ჭორებს წერტილი დაუსვა და აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით არაფერი შეიცვლება და უკვე არსებულ კლუბს არ გამოიცვლის.
ცნობისთვის, FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 14 ივნისიდან 13 ივლისამდე აშშ-ში გაიმართება.




























