2024 წლის ტურისტული სეზონის მოლოდინებზე BM.GE-სთან Caucasus Travel-ის დირექტორი, მაია კიკნაძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად მგზავრთნაკადის ზრდისა, კომპანია იმავე შედეგებს ელოდება, რაც გასულ წელს ჰქონდათ.
"ჩვენი კომპანიის მაგალითზე, ზრდა მკვეთრი არ არის 2023 წელთან შედარებით, ალბათ იგივე მონაცემებზე გავალთ, როდესაც ზუსტ სტატისტიკას დავთვლით. საერთოდ, 2019 წელს რომ შევადაროთ, რაზეც გვაქვს სწორება, პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით 50%-იანი მაჩვენებელი გვქონდა გასულ წელს და წელსაც, ალბათ, ასე იქნება", - ამბობს მაია კიკნაძე.
ტურისტული კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ ივნისის თვეში ნაკადების გაუმჯობესება შეინიშნებოდა, თუმცა უკეთესი მოლოდინები სექტემბერ-ოქტომბრის თვისთვის აქვთ: "ჩვენთვის ეს უფრო მაღალი სეზონია, ჯგუფები ივლის-აგვისტოშიც გვყავს, მაგრამ სექტემბერში უფრო მეტი".
რაც შეეხება სეგმენტს, კიკნაძე განმარტავს, რომ Caucasus Travel-ის ტურებით, უფრო მეტად, საშუალო და მაღალი მსყიდველობითუნარიანი ტურისტები ინტერესდებიან, როგორც დასავლეთის ქვეყნებიდან, ისე - აღმოსავლეთიდან.
"Caucasus Travel-ი და ჰოლდინგის სხვა კომპანიები მეტ-ნაკლებად გადახდისუნარიან ტურისტებზე მუშაობენ, რომლებიც საქართველოში, დაახლოებით, 5-7 დღით ყოვნდებიან.
წელს ძირითადი ბაზრებიდან აქტიურია აშშ, დიდი ბრიტანეთი, აღმოსავლეთის ქვეყნები: იაპონიის ბაზარი აღდგენიკენ მიდის - ყველაზე მეტი ტურისტი მაინც აშშ-დან გვყავს, რომლებიც საქართველოში პასიური დასვენებისთვის არ ჩამოდიან. ჩვენი სერვისები მთელი საქართველოს დათვალიერებას ითვალისწინებს და, ერთ ადგილას, მაქსიმუმ, 2 ღამის გათევას ითვალისწინებს", - ამბობს მაია კიკნაძე.
Caucasus Travel-ის დირექტორს სტუმარმასპინძლობის სექტორის მზაობაზეც ვკითხეთ. იგი აღნიშნავს, რომ მაღალ მსყიდველობითუნარიანი ტურისტებისთვის საინტერესო სასტუმროები და რესტორნები იხსნება, თუმცა გამართული სერვისი კვლავ გამოწვევად რჩება: "სერვისი, როგორც ყოველთვის, მით უმეტეს პანდემიის შემდეგ, ისევ და ისევ პრობლემატურია და ვისურვებდი, რომ უფრო მაღალი დონის მომსახურების შეთავაზება შეგვეძლოს ტურისტებისთვის".
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, იანვარ-ივნისში პროგნოზები სრულად გამართლდა და საქართველოში 3 მილიონამდე ტურისტული ვიზიტი შედგა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი კი ტურიზმში რეკორდულ წელს პროგნოზირებს. ამასთან, 2024 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი, წლიურად, 40%-ით გაიზარდა და 3.2 მლნ შეადგინა. მიუხედავად მზარდი ტენდენციისა, 2024 წელს ევროკავშირის არცერთი ქვეყანა ვიზიტორების სტატისტიკის პირველ ათეულში არ შედის.