მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო ტრანსფერები 2023 წელს

საუკეთესო ტრანსფერები 2023

ზამთარი და ზაფხული წელიწადის ის ორი დროა, რომელიც სპორტის ინდუსტრიაში სატრანსფერო ფანჯარასთან ასოცირდება. ამ დროს საფეხბურთო კლუბები აძლიერებენ შემადგენლობას, ათავისუფლებენ სახელფასო ჭერს და ემზადებიან ახალი სეზონისთვის.

მეორე საკითხია, რამდენად წარმატებულია გუნდების სატრანსფერო პოლიტიკა, ვინაიდან 2023 წელს იყო შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა კლუბების ხელმძღვანელებმა ბაზარი არასათანადოდ აითვისეს და შედეგის მიღების გარეშე მილიონობით ევრო უბრალოდ გაფლანგეს.

სტატიაში 2023 წლის ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან და ძვირად ღირებულ ტრანსფერის შესახებ მოგიყვებით:

ენცო ფერნანდესი და მოიზეს კაისედო
ტრანსფერებზე საუბარი აუცილებლად “ჩელსით” უნდა დავიწყოთ რომლის სატრანსფერო დანახარჯების შეხედვისას ვიფიქრებთ, რომ გუნდი ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი და ღირსეული წარმომადგენელია ინგლისური პრემიერ ლიგის, თუმცა რეალურად გასული სეზონი მე-12 ადგილზე დაასრულა, ხოლო წელს ასევე უჩვეულო მე-10 ადგილზე იმყოფება. ზამთარში გუნდმა უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე გერმანული ბუნდესლიგის, იტალიური სერია A-ს, ესპანური ლა ლიგისა და ფრანგული ლიგა 1-ის ყველა კლუბმა ერთად. ლონდონელებმა ფეხბურთელების შესაძენად 611 მილიონი ევრო არ დაინანეს და ამ თანხაში გათვალისწინებული არ არის ბონუსები. ტრანსფერებს შორის გამოსარჩევია არგენტინელი ენცო ფერნანდესი, რომელშიც კლუბმა 121 მილიონი ევრო გადაიხადა და ინგლისის რეკორდი დაამყარა, არავის პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ ფეხბურთელში ამხელა თანხა არ გადაუხდია არასდროს. ენცო გასული მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია, მაგრამ მას ისევე როგორც მთლიან გუნდს საფეხბურთო მოედანზე არაფერი გამოსდის.

ფაქტია ახალმა მფლობელმა ტოდ ბოელიმ, რომელმაც ამერიკულ სპორტებში დამკვიდრებული ტრენდები გამოიყენა, ვერ აუღო ალღო ევროპული ფეხბურთის კონცეფციას, რომელიც უფრო მეტად ძლიერ აკადემიებზე დგას. პრემიერ ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ჩამშლელ ნახევარმცველ, მოიზეს კაისედოში 116 მილიონის გადახდა საფეხბურთო ექსპერტებს შორის ასევე კრიტიკის საგანი გახდა. კაისედო ერთ-ერთი მიზეზი იყო 2022 წელს “ბრაიტონის” დაცვაში საიმედო თამაშის, რისი მეშვეობითაც კლუბი თავის ისტორიაში პირველად ევროპულ ტურნირზე მოხვდა. ნიჭიერი ეკვადორელის გადაბირებით “ლივერპული” იყო დაინტერესებული, ტრანსფერიც თითქმის შეთანხმებული ჩანდა, თუმცა ბოლო წამს ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისი ოცნება ყოველთვის “ჩელსიში” თამაში იყო და ტრანსფერი ჩაშალა. “ჩელსი” ისევ ქაოსური გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს და რთული წარმოსადგენია თუ როგორ აპირებს კლუბი პრობლემების მოგვარებას.

დეკლან რაისი
არსენალმა” შეცვალა თავისი სატრანსფერო პოლიტიკა და აგრძელებს დიდი თანხების გადახდას პერსპექტიულ მოთამაშეებში. მათ ამჯერად არჩევანი “ვესტ ჰემის” ყოფილ კაპიტანზე დეკლან რაისზე შეაჩერეს, რომელმაც 58 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოუტანა დასვლურ ლონდონურ გუნდს ევროპული თასი. კონფერენსლიგის საუკეთესო მოთამაშის წოდების მიღების შემდეგ, რაისმა “ვესტ ჰემი” ლეგენდის სტატუსით დატოვა და უკვე ამ სეზონშიც სერიოზულ გავლენას ახდენს “არსენალის” თამაშზე. ჩრდილო ლონდონური გუნდი ამჯერად პრემიერ ლიგის ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და გუნდის წარმატებულ თამაშში რაისის წვლილი ერთ-ერთი გადამწყვეტია.

ჯუდ ბელინგემი
ბელინგემი ბუნდესლიგის წინა სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და რომ არა ტრავმა ვინ იცის შეიძლება ბოლო ტურში “მაინცთან” ფრედ დასრულებულ შეხვედრაში მის გუნდს მოეგო და ბუნდესლიგის ჩემპიონებიც გამხდარიყვნენ. უნიჭიერესი ინგლისელი “მადრიდის რეალმა” 103 მილიონ ევროდ შეიძინა და წინამორბედი ინგლისელების მსგავსად მისგანაც ელოდნენ, რომ ესპანურ გრანდში ფეხს ვერ მოიკიდებდა. კრიტიკოსების საპასუხოდ ბელინგემს ლა ლიგაში უკვე 13 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავას ლიდერობს, ამავდროულად ის აგვისტოსა და ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. ერთი სიტყვით ამ დროისთვის ის მასში გადახდილ თანხას სრულად ამართლებს და ამას “France Football-ის” წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ტიტულის წოდებაც ადასტურებს.

ლიონელ მესი
სიაში ყველაზე გავლენიანი ტრანსფერი სრულიად უფასოდ განხორციელდა. პარიზიდან ამერიკის კონტინენტზე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ლეო მესი გადაბარგდა, რომელიც დევიდ ბექჰემის გუნდ “ინტერ მაიამიში” ჩაირიცხა და თან ყოფილი თანაგუნდელები სერხიო ბუსკეტსი, ხორდი ალბა და უკვე ლუის სუარესიც შემოიკრიბა. მესი მაიამიში წლიურად 60 მილიონ დოლარს იღებს და ამასთანავე კარიერის დასრულების შემდეგ მიიღებს წილს, როგორც “ინტერ მაიამიში” ისე ტექნოლოგიურ გიგანტ Apple-ში. მესის ეფექტი ამერიკას და იქაურ სოკერს მაშინვე დაეტყო, რადგან “ინტერ მაიამის” მატჩზე დასასწრები ბილეთები თუკი აქამდე 30 დოლარი ღირდა ახლა ყველაზე იაფი ბილეთის შეძენას 600 დოლარის ფარგლებში შეძლებთ.

ბონუსი: კრიშტიანუ რონალდუ

ეს ტრანსფერი 2022 წლის დეკემბერში შედგა, თუმცა მის გავლენას დღემდე იმკის საფეხბურთო სამყარო. კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთის კლუბ “ალ-ნასრში” გადავიდა, რომლის თანახმადაც პორტუგალიელი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელი გახდა 200 მილიონი დოლარით. ამ ტრანსფერმა დიდ მოვლენას დაუდო საფუძველი და დიდწილად გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა განსაზღვრა.
რონალდუს გამოყენებით მარკეტინგული კამპანიებისა და არაადეკვატურად მაღალი ხელფასების წყალობით დიდი ვარსკვლავები მათ შორის ისინიც კი ვინც სპორტისთვის ხანდაზმულ ასაკში არ არიან საუდის არაბეთში მიდიან სათამაშოდ. იგივე მოქმედი ოქროს ბურთის მფლობელი კარიმ ბენზემა, რომელიც წელიწადში 100 მილიონზე მეტს გამოიმუშავებს. ასევე უნიჭიერესი ბრაზილიელი ნეიმარი, რომლის ტრანსფერიც “ალ ჰილალს” 90 მილიონი ევრო დაუჯდა. არაბებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ უმოკლეს ვადაში დონის თვალსაზრისით ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატს მიუახლოვდნენ, რასაც წარმატებით ახორციელებენ. ამას გარდა მათი მიზანია საკუთარი გავლენების დასავლეთში გავრცელება, რისი ნათელი მაგალითიც 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის სტატუსის მიღებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები