მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თეატრი იყოს თავისუფალი" - რეჟისორი გამოწვევებზე

თეატრი

რეჟისორი და "თეატრის განვითარების ფონდის" დამფუძნებელი, ზურაბ გეწაძე BMG-ის ეთერში თეატრების რეგულირების ახალ კანონპროექტზე საუბრობს. მისი თქმით, კანონი მხოლოდ ბიუროკრატიულ საკითხებს ეხება და ვერ პასუხობს იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს ხელოვნების ამ დარგში არსებობს.

"თეატრის ახალი კანონი უცნაურია, დღესაც ვერ გავიგე ბოლომდე, რა საჭიროა მისი მიღება და, როგორც გავიგე, ცვლილებების შეტანასაც აპირებენ, რითაც კიდევ უფრო დიდი აბსურდი ხდება. კანონი თეატრების დაფინანსებაზე საერთოდ არ საუბრობს, არც იმაზე, როგორი უნდა იყოს თეატრი სტრუქტურულად და როგორ უნდა იმუშაოს. ლაპარაკი მხოლოდ სამხატვრო ხელმძღვანელების და დირექტორის დანიშვნის პრინციპზე.

არადა, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თეატრი იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, შეეძლოს მეტი სპექტაკლის დადგმა - როდესაც ეს სახელმწიფო დაფინანსებაზეა, სახელმწიფოს ინტერესებში უნდა იყოს თეატრის განვითარება - დღეს ამას ვერ ვხედავთ. მათთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, ვინ იქნება სამხატვრო ხელმძღვანელი და ვინ მართავს თეატრს და ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რას და როგორ დადგამენ, როგორ განვითარდებიან, რა ექსპერიმენტებს ჩაატარებენ.." - ამბობს ზურაბ გეწაძე.

რეჟისორმა BMG-სთან თეატრის დაფინანსების პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სპექტაკლების შესაქმნელად საკმარისი თანხები არ გამოიყოფა, რადგან მთავრობას სურს, სახელმწიფო თეატრები აკონტროლოს და ამისთვის რაც შეიძლება ნაკლები ფინანსები გაიღოს.

"ჩვენს აზრს ყოველთვის გამოვთქვამდით, ოფიციალური წერილითაც, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ითვალისწინებენ პროფესიონალების აზრს და დეპუტატები თუ კანონმდებლები უფრო დიდ ყურადღებას ფინანსურ მხარეს ანიჭებენ, რაც განვითარებას აყენებს ზიანს. მათ კონტროლის პრობლემა აქვთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დაფინანსებით მეტი შედეგი მიიღონ - ეს არსად გამოდის და არც თეატრში გამოივა. თეატრს სჭირდება თანხები სპექტაკლების შესაქმნელად და ეს თანხები არ არის", - ამბობს გეწაძე.

კიდევ ერთ პრობლემა, რომელსაც ზვიად გეწაძე შეეხო, ახალგაზრდა ტალანტების მოძიება და შენარჩუნებაა, რაც, ერთი მხრივ შტატის არარსებობას უკავშირდება, მეორე მხრივ კი ანაზღაურების სიმცირეს.

"საბჭოური მოდელია სახელმწიფო თეატრებში, არიან მსახიობები, რომლებიც რაღაც რაოდენობა სპექტაკლებში არიან დაკავებული და მათ ვერც ერთს გაუშვებ სამსახურიდან, ზოგი 40-50 წელია თეატრში მუშაობს, ვერ გაათავისუფლებ, რომ რაღაც ცვლილება შემოიღო და რამე ახალი გააკეთო.

გვჭირდება ახალი მსახიობები, თეატრში ახალგაზრდა რომეო და ჯულიეტა სულ საჭიროა, მაგრამ ვერ მოგყავს, იმიტომ რომ შტატი არ გაქვს. აქედან იწყება პრობლემები. მოწვეული, დამოუკიდებელი ახალგაზრდა მსახიობები ანაზღაურებას გამოსვლაში იღებენ, თუმცა სხვა თეატრებთანაც თანამშრომლობენ და შემდეგ განრიგის პრობლემაა - ვერ უთანხმებენ ერთმანეთს. არადა, დამოუკიდებელ მსახიობს ვერ ეტყვი, სხვა თეატრიდან წამოვიდეს, ანაზღაურებას და შტატს ვერ სთავაზობ", - აღნიშნავს ზურაბ გეწაძე.

მთავრობა თეატრების რეგულირებისთვის ახალი წესების შემოღებას გეგმავს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები