მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველაზე ხარჯთსარგებლიანი ვარიანტის შერჩევაზე ვმუშაობთ" - რა ხდება მიწისზედა მეტროს პროექტზე

5de3a5e607bc9
ანუკა ჯოხაძე
01.12.19 15:50
1522
ავსტრიულმა კომპანია ILF Consulting Engineers Austria GmbH-მა, რომელიც სამგორი-ლილო-აეროპორტის მიწისზედა მეტროს ხაზის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებაზე იყო პასუხისმგებელი, მუშაობა დაასრულა. როგორც bm.ge-ისთან თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა, ავსტრიულმა კომპანიამ კვლევის შედეგად 3 სცენარი დადო და ახლა მერია მათგან ყველაზე ხარჯთსარგებლიანის შერჩევაზე მუშაობს.

თუმცა, თუ მერია აღმოაჩენს, რომ მიწისზედა მეტროს მშენებლობა არ უღირს, გამოვა, რომ პროექტირებაში თანხა ბიუჯეტიდან ტყუილად დაიხარჯა. საქმე ისაა, რომ ტექნიკურ ეკონომიკურ კვლევასთან ერთად ტენდერი მიწისზედა მეტროს პროექტირებაზეც იყო გამოცხადებული და ამ მომსახურების შესყიდვაში დედაქალაქის მთავრობამ მთლიანობაში 13 მილიონ ლარამდე გადაიხადა.

„კვლევა შედგებოდა სამი ნაწილისგან; ეს იყო კონცეპტუალური ნაწილი, პროექტირება და ტექნიკური დავალების მომზადება უკვე სამშენებლო ნაწილისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პირველი ნაწილი - კონცეფცია ანუ ღირს თუ არა პროექტის განხორციელება, რომლის სავარაუდო ბიუჯეტი, როგორც ცნობილია, 150 მლნ დოლარია. არ შეიძლება, სახელმწიფო ამ მიმართულებით სპონტანურ გადაწყვეტილებებს იღებდეს და კაპიტალურ დანახარჯებს ახორციელებდეს ვიღაცის მოსაზრებებიდან გამომდინარე თუ ხარჯთსარგებლიანობამ არ გაუმყარა ამ მოსაზრებებს ზურგი. შესაბამისად, კონცეპტუალური ნაწილი იყო მთავარი. გვაქვს რამდენიმე სცენარი, საიდანაც ყველაზე ხარჯთსარგებლიანი უნდა იქნეს შერჩეული“, - აცხადებს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მიწისზედა მეტროს პროექტის სხვა სატრანსპორტო პროექტებთან შედარებაც მიმდინარეობს, რათა ისინი პროირიტეტების მიხედვით განხორციელდეს.

„თბილისი სხვა სატრანსპორტო პრობლემების წინაშეც დგას; შესაბამისად, აუცილებლია, მიწისზედა მეტროს პროექტის შედარება სხვა მიმდინარე თუ სამომავლო პროექტებთანაც. სწორედ ხარჯთსარგებლიანობა არის ის ინდიკატორი, რომელიც მერიას სახელმწიფოსთან ერთად მიაღებინებს გადაწყვეტილებას, ჯერ რომელი მნიშვნელოვანი პროექტი უნდა განახორციელოს ანუ არა იმ სამი და ოთხიდან ვარიანტიდან, რა სცენარიც კვლევამ ამ კონკრეტულ მონაკვეთზე დადო, არამედ სხვა მიმდინარე პროექტებთან მიმართებით. ეს არის დიდ დიღომთან კავშირი, ეს არის 10 ძირითადი დერეფანი, რომლის ინფრასტრუქტურის მოწყობა, მაგალითად, ჭავჭავაძეზე უკვე ხდება და მომავალ წელს ცოტნე დადიანსა და ვაჟა ფშაველაზე განხორციელდება და ძალიან დიდ კაპიტალურ დანახარჯებს საჭიროებს, ასევე საბაგიროები, რომელიც განიხილება როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, - ამბობს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე.

თბილისის მერიას კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული ჯერ კიდევ არ აქვს, თუმცა მერიისგან განსხვავებით, როგორც ბიზნესი ამბობს, მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება მყარად აქვს გადაწყვეტილი პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც სავაჭრო ცენტრ „ლილო მოლის“ გენერალურ დირექტორს პროექტის განხორციელების გარანტია მისცა.

“მრავალი ჭორი გავრცელდა ისტორიულ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც 8 მეტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს და პრემიერისგან მივიღეთ გარანტია, რომ ეს პროექტი განხორციელდება. ეს არის მეტროს ახალი სადგურები, რომლის ბოლო სადგური არის „ლილო მოლში“. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, თბილისის აღმოსავლეთის მოსახლეობა ელოდება ამ პროექტის განხორციელებას”, - განაცხადა “ლილო მოლის” გენერალურმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები