„შვანრეს“ დამფუძნებლის ნონა ანსიანის თქმით, ყველზე ფასების მატება დაწყებულია. ამის შესახებ „ქალების ნარატივის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„ზაფხულის პერიოდთან შედარებით შემოდგომიდან ყველი უკვე 20%-ით გაძვირდა, ახალი წლის პერიოდში 30 პროცენტიანი ზრდაც ივარაუდება. ეს ყველაფერი კი სეზონურობას და რძის ფასის ზრდას უკავშირდება,“- განაცხადა ნონა ანსიანმა.
„შვანრე“ პროდუქციას ნატურალური რძისგან აწარმოებს, რომელიც დღის განმავლობაში 2 ტონამდე რძეს გადაამუშავებს.
„ზოგადად ბაზარზე ნედლი რძის დეფიციტია, თუმცა დმანისს ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვს. აქ საკმაოდ დიდი რაოდენობის რძე იწარმოება და განსაკუთრებული ხარისხითაც გამოირჩევა. ისტორიას თუ გადავხედავთ, შვეიცარული ყველი სწორედ დმანისის რძით იწარმოება,“ - აღნიშნავს ნონა ანსიანი.
„შვანრე“ გაზაფხულიდან ახალი ხაზის დამატებასაც გეგმავს. ამჟამად საწარმოში ყველი ფრანგული და იტალიური კვეთებით იწარმოება, თუმცა ახალი ხაზის დამატებისას, ყველი მხოლოდ მაჭიკით, ძველი ტრადიციული ნატურალური ფერმენტით იქნება წარმოებული.
„შვანრეს“ საწარმოში ამ ეტაპზე 7 ადამიანია დასაქმებული და დაახლოებით 10 – 12 სახეობის ყველის წარმოება ხორციელდება, აგრეთვე რძემჟავას პროდუქტებს და წარმოების თანმდევ პროდუქციას (ნადუღი, კარაქი, ერბო).
„შვანრეს“ 1 კილოგრამი ყველის ფასი კი 15 ლარიდან იწყება.
რძის გადამამუშავებელი საწარმო დმანისში 96 500-ლარიანი ინვესტიციით შეიქმნა, საიდანაც 93 670 ლარი სახელმწიფომ კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყო. კომპანია „შვანრეს“ პროდუქცია, ამ ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება.