მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველის და რძის ღირებულება შემცირდა - "შირაქი"

64398a49e407d
ლიკა გურაბანიძე
17.04.23 19:50
3729
ყველის და რძის ღირებულება შემცირდა, რისი მიზეზიც ამ პროდუქტების ფასების სეზონური ცვლილებაა. კომპანია “შირაქის” დამფუძნებელი ნიკოლოზ ბენიაიძე BM.GE-სთან ამბობს, რომ გაზაფხულზე წველადობა მატულობს, რაც რამდენიმე თვის განმავლობაში ჭარბ რძეს აჩენს, შედეგად იაფდება, როგორც რძე, ასევე რძის ნაწარმი. ასევე, შემცირეულია რძის ფხვნილის ფასიც, რაც ადგილობრივ ბაზარზეც აისახა.

"ამჟამად ყველზე ფასი დაახლოებით ორი ლარით არის შემცირებული. რძეზე დაახლოებით 10-15%-ით არის ფასი შემცირებული, რაც გაზაფხულის სეზონმა და ამ დროს წველადობის ზრდამ განაპირობა. წველადობის ზრდას კი მწვანე ბალახის გაჩენა იწვევს. ეს დაახლებით ორი ან ორთვენახევრის განმავლობაში შედარებით ჭარბ რძეს აჩენს. შედეგად, რძეს და რძის ნაწარმს ფასი აკლდება,"- აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძე.

ყველის და რძის გაიაფებაზე საუბრობს “ცივის ყველის” დამფუძნებელი გოჩა ღაღაშვილიც. მისი თქმით, იმისათვის, რომ ეს კლება მომხმარებლებმაც იგრძნონ, მაღაზიებმა სარეალიზაციო ფასები უნდა შეამცირონ. 

“მაღაზიებში ძალიან მაღალი ქეშბექია. 20-15% მაღაზიებს არაფერში მიაქვთ. მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოში არ არსებობს. ეს თავისთავად, როგორც ყველს, სხვა სახის პროდუქციას დახლზე მომხმარებლებს უძვირებს. ჩვენ ვაბარებთ კონკრეტულ ფასში, ხოლო შემდგომ ისინი დახლზე თავის მომატებულ ფასს ადებენ.” - განმარტა გოჩა ღაღაშვილმა.

“რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის” პრეზიდენტი კახა კონიაშვილი აღნიშნავს, რომ ფასების შემცირებას უახლოეს თვეებში კიდევ ელოდება, თუმცა მხოლოდ მცირე მეწარმეების მხრიდან.

“ის მცირე მეწარმეები, რომლებიც უფრო მობილურები არიან და რომელთაც მცირე ფერმერულ მეურნეობებზე ხელი უფრო მეტად მიუწვდებათ ისინი ფასს დააკორექტირებენ, რადგან მცირე მეურნეობები სწრაფად რეაგირებენ და გადაწყობაც მსხვილ კომპანიებთან შედარებით მარტივია. როგორც კი რძე 10-20 თეთრით იაფდება მათთვის უფრო ადვილია ბაზარს ახალი ფასი შესთავაზონ. მსხვილი კომპანიების შემთხვევაში ასეთი სწრაფი მყისიერი გადაწყობა სამწუხაროდ ვერ ხდება.” - განმარტა კონიაშვილმა.

როგორც კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რძის ნაწარმის ფასი მათ შორის ყველის, ზაფხულში კვლავ მოიმატებს შემოდგომის ბოლოს პიკს მიაღწევს, ხოლო იანვრიდან ისევ დასტაბილურებას დაიწყებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები