ყირგიზეთი, რომლის ფართობი 199,900 კვადრატული კილომეტრია, არამჭიდროდ არის დასახლებული, რადგან იქ მხოლოდ შვიდი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ყირგიზეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 15 მლრდ დოლარს აჭარბებს, ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით $2,230-ის ტოლია. ეს მაჩვენებელი, მართალია, ბოლო ხუთ წელიწადში, 51%-ითაა მომატებული, მაგრამ აბსოლუტურ რიცხვებში, ის კვლავაც დაბალია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დათვლებით, ყირგიზეთის მთლიანი შიდა პროდუქტი წელს 6.5%-ით, $15.8 მილიარდამდე გაიზრდება. წინა წლებში დაფიქსირებულ შედეგებთან შედარებით, ყირგიზეთის ეკონომიკა ნორმალური ტემპით იზრდება, მაგრამ ეს მაჩვენებელი, ყირგიზეთის მიერ გარე შოკებზე დიდი დამოკიდებულების გამო, ხშირად მერყეობს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი დასავლური სახელმწიფოების მხრიდან ფაქტობრივად სრულ ფინანსურ ბლოკადაში აღმოჩნდა. სანქციების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა არსებობას განაგრძობს და ამ კუთხით დიდ როლს რუსეთის ის მოკავშირე ქვეყნები ასრულებენ, რომლებიც ძირითადად რუსულ ორბიტაზე ტრიალებენ, ანუ დასავლური სანქციები, უმეტესწილად, არ აშინებთ. ამ ჩამონათვალში, უმეტესწილად, ცენტრალური აზიის განვითარებადი სახელმწიფოები ხვდებიან, რომელთა შორის განსაკუთრებით საინტერესო მაგალითს ამ რეგიონის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა — ყირგიზეთი წარმოადგენს.
პანდემიის შემდეგ, ყირგიზეთში ინფლაციამ 13.9%-მდე იმატა, მაგრამ ყირგიზეთის ცენტრალური ბანკის არაერთი ჩარევის შემდეგ, ეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარამეტრი დასტაბილურდა. დღეს, ყირგიზეთში საკმაოდ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა მოქმედებს, ხოლო რეფინანსირების განაკვეთი 9%-ზე არის შენარჩუნებული. მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, როგორც ცნობილია, კაპიტალს აძვირებს, რაც ეკონომიკაში ეროვნული ვალუტის გავრცელებას ამცირებს. კაპიტალის გაძვირების ფონზე, ინფლაციამ იკლო და 2024 წლის ბოლოსთვის 5.1%-ის შუალედში დასტაბილურდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, უმუშევრობის დონე ყირგიზეთში 9%-ის ტოლია. ბოლო წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი უცვლელია, ხოლო 2000-იანი წლების დასაწყისში ის ძირითადად 8.5%-ის ფარგლებში იყო. მიუხედავად ამისა, არაოფიციალური შეფასებით, ქვეყანაში დასაქმების ბაზარზე არსებული ვითარება უფრო მწვავეა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, რაც, დიდწილად, ყირგიზეთიდან სამუშაო კადრების გადინებას უკავშირდება. ყირგიზების დიდი ნაწილი სამუშაოდ რუსეთის ფედერაციაში მიდის, შესაბამისად ეს ადამიანები ოფიციალურ სტატისტიკაში არ აღირიცხებიან.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, გასულ წელს, ყირგიზეთში სიღარიბის ზღვარზე მცხოვრები მოსახლეობის წილი 9.7%-მდე შემცირდა, რაც უმეტესწილად ინფლაციის შემცირებით და მაღალი ეკონომიკური ზრდით იყო განპირობებული. ანალიტიკოსების ვარაუდით, მომდევნო წლებში სიღარიბიდან კიდევ უფრო მეტი ადამიანი ამოვა, რაც ქვეყანაში მოქმედი სოციალური პროგრამების გაძლიერებას და განვითრებას უკავშირდება.