მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ზაფხულში მხოლოდ 20%-იანი დატვირთვით ვიმუშავეთ" - ხევსურეთში მდებარე სასტუმრო გასულ სეზონს აფასებს

ხევსურეთი

ხევსურეთში, სოფელ კორშაში მდებარე საოჯახო სასტუმრო „გამას“ თანადამფუძნებელი, ნინო გოგინაშვილი ზაფხულის ტურისტულ სეზონს ნეგატიურად აფასებს. როგორც მან BM.GE-სთან განაცხადა, სასტუმროს დატვირთვა ზაფხულის თვეებში მხოლოდ 20%-მდე იყო. მისი თქმით, ტურისტების ნაკადის შემცირებაზე გავლენა განსაკუთრებით ისრაელსა და უკრაინაში მიმდინარე ომებმა იქონია.

სასტუმროს თანადამფუძნებლის განმარტებით, ზაფხულის სეზონზე Airbnb-ის პლატფორმის მეშვეობით მხოლოდ სამი სტუმარი მიიღეს - შემოსავლის ჯამურმა რაოდენობამ ამ პლატფორმიდან მხოლოდ 198 დოლარი შეადგინა.

"ზაფხულის განმავლობაში 20%-მდე თუ ვიყავით დატვირთული. კვირა ისე გავიდოდა, სტუმარი არ მყავდა, მაშინ, როცა შემიძლია 18 ადამიანი დავასვენო და ამხელა თანხა მაქვს ჩადებული ინფრასტრუქტურაში. ხუთი ოთახი მაქვს, თითოეულს საკუთარი სველი წერტილი აქვს. განთავსების ღირებულება კი ღამეში მხოლოდ $20-ს შეადგენს.

ისრაელიდან ბევრი ჯავშანი მქონდა, მაგრამ ომთან დაკავშირებით გაუქმდა. ევროპიდან ძირითადად გერმანიასა და ავსტრიიდან ჩამოდიან, თუმცა ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან - ლიეტუვიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან ხალხი საერთოდ აღარ არის. ადრე ჯგუფებად მოდიოდნენ, ახლა მხოლოდ ინდივიდუალური მოგზაურები ჩამოდიან და ისიც მინიმალურ ფასად", - აღნიშნავს სასტუმროს მფლობელი.

ნინო გოგინაშვილი შემცირებულ ტურისტულ ნაკადებს, საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთების გაძვირებასაც უკავშირებს. ამბობს, რომ ბიუჯეტური Wizz Air-იც კი იმდენად გაძვირდა, რომ ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უღირთ.

„ბილეთების ფასები სერიოზულად არის გაზრდილი. ჩემი და საზღვარგარეთ ცხოვრობს და სხვადასხვა ქვეყანაში ფრენა მიზერული თანხა ღირს, საქართველოში ჩამოსვლა კი ბევრად ძვირი გამოდის. Wizz Air-საც კი ძალიან მაღალი ტარიფები აქვს, რის გამოც ტურისტებს აღარ უღირთ ჩამოსვლა“, - ამბობს ის.

ინფორმაციისთვის, სოფელ კორშაში მდებარე საოჯახო სასტუმრო, „გამა“ 2019 წლიდან ოპერირებს. მის სრულად მოსაწყობად კი ჯამში 100 000 დოლარის ინვესტიცია განახორციელეს. სასტუმრო 5 ნომერს მოიცავს და ჯამში 18 სტუმრის მასპინძლობა შეუძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები