854 დიდ ქალაქში სიკვდილიანობის ანალიზის თანახმად, წლევანდელი ცხელი ზაფხულის განმავლობაში ევროპაში სიცხით გამოწვეული სიკვდილიანობის ყოველი სამი შემთხვევიდან ორი ადამიანის მიერ გამოწვეული გლობალური დათბობით შედეგებთან იყო დაკავშირებული - ამის შესახებ Imperial.ac.uk-ზე გამოქვეყნებულ კვლევაშია საუბარი.
ანგარიშის თანახმად, ეპიდემიოლოგები და კლიმატის მეცნიერები ივნისი-აგვისტოს პერიოდში ევროპაში სიცხით გამოწვეული სიკვდილიანობის 24 400 შემთხვევიდან 16 500-ს სათბურის აირების ემისიებით გამოწვეულ მაღალ ტემპერატურას უკავშირებენ.
სწრაფი ანალიზით გამოიკვეთა, რომ კლიმატური პირობების რღვევის გამო ქალაქებში ტემპერატურა საშუალოსთან შედარებით 2.2 გრადუსით მაღალი იყო, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა სახიფათოდ ცხელი ამინდით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები.
"მიზეზშედეგობრივი ჯაჭვი წიაღისეული საწვავის წვიდან, ტემპერატურის მატებამდე და გაზრდილ სიკვდილიანობამდე, უდავოა. გასული ათწლეულების განმავლობაში წიაღისეული საწვავის წვა რომ შეგვეჩერებინა, ევროპაში ამ ზაფხულს 24 400 ადამიანი არ დაიღუპებოდა", - განაცხადა ლონდონის იმპერიული კოლეჯის მეცნიერმა, ფრედერიკ ოტომ.
მეცნიერებმა წლის ყველაზე ცხელ თვეებში ჭარბი სიკვდილიანობის მოდელირებისთვის, ტემპერატურასა და გარდაცვალების შემთხვევებს შორის ლოკალური კავშირები დაადგინეს და შედეგები, რომელიც მოიცავს ქალაქებს, სადაც ევროპის მოსახლეობის თითქმის ერთი მესამედი ცხოვრობს - შეადარეს ჰიპოთეზურ სამყაროს კლიმატის ცვლილების გარეშე. მათ დაადგინეს, რომ გარდაცვალების სავარაუდო შემთხვევების 68%-ის მიზეზი დამატებითი სიცხე იყო. კვლევის თანახმად, ტემპერატურა ყველაზე მეტად ხანდაზმულ ადამიანებს აზარალებთ; გარდაცვლილთა 85% 65 წელზე მეტი ასაკის იყო, ხოლო 41% - 85 წელზე მეტი.
ევროპის ქალაქები ექსტრემალურ სიცხესთან გასამკლავებლად უკეთ არიან მომზადებულნი, ვიდრე 2003 წელს, როდესაც ექსტრემალურმა სიცხემ 70 000 ადამიანი იმსხვერპლა. თუმცა საგანგებო სიტუაციების სამსახურებს ტემპერატურის მატებასთან და მოსახლეობის დაბერებასთან ფეხის აწყობა მაინც უჭირთ.
ექიმები სიცხის ტალღების დროს ადგილობრივი სამოქმედო გეგმების შემუშავების საჭიროებაზე საუბრობენ: ქალაქებში, სადაც უფრო ცხელა, მეტი მწვანე სივრცის შექმნაზე და დაუცველი ჯგუფებისთვის, როგორიცაა მოხუცებულთა თავშესაფრების მცხოვრებლები, კონდიცირების უზრუნველყოფაზე.




























