მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაფხულში გურიაში შატოს ტიპის კომპლექსი გაიხსნება - აქცენტი გაკეთდება გურული ვაზის ჯიშებზე

5e25c6713f945
BM.GE
20.01.20 20:20
2013
KTW ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ გურიის რეგიონში მიმდინარე პროექტები: „შატო ასკანა“ და „გურია პალასი“ დაათვალიერა.

შატოს ტიპის კომპლექსს ასკანაში KTW ჯგუფის შვილობილი კომპანია „როიალ ასკანა“ აშენებს. მისი გახსნა 2020 წლის ზაფხულისთვის იგეგმება. გეგმის მიხედვით, შატომ 2020 წლის შემოდგომაზე უკვე გურული ყურძნის პირველი რთველი უნდა ჩაატაროს და შექმნას საერთაშორისო სტანდარტების, მაღალი ხარისხის ღვინო, რომელიც საკუთარ ნიშას დაიკავებს საერთაშორისო ბაზრებზე. KTW ჯგუფის გენერალური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განმარტებით, აქცენტი გაკეთდება ისეთი გურული ჯიშების გამოცოცხლებაზე, როგორიც არის ჩხავერი, ჯანი, საკმიელა და სხვა. მისივე თქმით, არსებული მდგომარეობით შატოს ამ ეტაპზე 200 ტონამდე ყურძნის გადამუშავების რესურსი გააჩნია. ამ გზით KTW ჯგუფი ხელს შეუწყობს გურულ მევენახეებს და შეუქმნის პროდუქციის ჩასაბარებელ საწარმოს და ყველანაირ პირობას მათ ვენახებში მოყვანილი პროდუქტის გადასამუშავებლად.

„დამერწმუნებით, რომ ეს არის კარგი გამოწვევა იმისთვის, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ გურული მევენახეობის განვითარებას და ეს ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობაცაა, როგორც კომპანიის, ასევე პირადად ჩემი მხრიდან, რადგან ეს არის ჩემი მშობლიური სოფელი, მე პირადად ძალიან ვაფასებ ჩემს ფესვებს და ძალიან მინდოდა, რომ აქ ასეთი ტიპის პროექტი გაკეთებულიყო. ასევე, მინდა დავაანონსო და დავპირდე მოსახლეობას, რომ ჩვენ გადავუხდით მათ ყურძენში ყველაზე მაღალ ფასს, რაც საქართველოში დაფიქსირდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს იქნება სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი კომპანიის მხრიდან, გურული მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარების ხელშესაწყობად. ეს უნდა იყოს სტიმული და დასაწყისი ჩვენს კუთხეში ვაზის გურული ჯიშების აღორძინებისა.

როგორც იცით, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, რომ აღდგენილიყო ძველი ქართული ვაზის ჯიშები, როგორც გურიაში ასევე მთელს საქართველოში და მადლიერებით მოვიხსენიებ ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმის გამო, რომ სწორედ მისგან წამოვიდა ძველი ქართული ჯიშების აღორძიების იდეა, რადგან სამეცნიერო-კვლევით დონეზე აიყვანა საგურამოში სანერგე მეურნეობა, სადაც ქართული ვაზის 438 ჯიშის აღდგენა მოხდა და შემდეგ ეს ტენდენცია მთელს საქართველოს მოედო. სიამაყით ვამბობ, რომ გურია არის ერთ-ერთი პირველი და გამორჩეული რეგიონი და ჩვენ აქ შევქმნით პროდუქციას, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ჩვენ პროდუქტს ვყიდით დაიკავებს ღირსეულ ადგილს, როგორც დაიკავა ველისციხის ვერანდამ ბორდოში, ღვინის მსოფლიო გამოფენაზე, ასევე, გურამიშვილის მარანმა, როგორც ევროპის, ასევე აზიის ქვეყნებში, ქედის მეღვინეობამ, შატო მანავმა და სხვა.“ - აცხადებს KTW ჯგუფის გენერალური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე.

მისი თქმით, პროექტი რეგიონში ტურიზმსა და მასთან დაკავშირებულ პროფესიებსა და მიმართულებებს განავითარებს. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ეწვიონ შატოს, მიიღონ მაღალი ხარისხის სტუმარ-მასპინძლობის სერვისი და ადგილზე გაეცნონ ღვინის წარმოების პროცესს.

ქალაქ ოზურგეთის მერთან, კონსტანტინე შარაშენიძესთან ერთად ზურაბ ჩხაიძემ გურიაში მიმდინარე კიდევ ერთი პროექტი, „გურია პალასი“ დაათვალიერა, რომლის მშენებლობაც ქალაქ ოზურგეთში დასკვნით ეტაპზეა.

აღნიშნული პროექტი მოიცავს 52 ნომერს, მათ შორის 3 ლუქსის ტიპისაა, ასევე
„გურია პალასში“ განთავსება რეგიონული ბიზნეს-ჰაბი, რომლითაც მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესები ისარგებლებენ. ერთ-ერთ პირველია „საქართველოს ბანკი“, რომლიც ოფისიც „გურია პალასში“ განთავსდება. გარდა საოფისე ფართებისა, ბიზნეს-ცენტრი მოიცავს საკონფერენციო დანიშნულების სივრცეებსაც.
პროექტი გულისხმობს რეგიონში უპრეცენდენტო მასშტაბის ღვინის სადეგუსტაციო დარბაზის შექმნასაც, რომელიც შეძლებს ერთობლივად 150 პერსონას უმასპინძლოს. აღნიშნულ დარბაზში წარმოდგენილი იქნება როგორც გურული ღვინის სახეობები, ასევე ზოგადად, კონიაკი, ჭაჭა და ღვინო მთელი საქართველოდან.

„გურია პალასში“ მოეწყობა სპა და საცურაო აუზიც. სასტუმროს მშენებლობაზე KTW ჯგუფი 6 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს. „გურია პალასის“ გახსნა 2020 წელს არის დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები