მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზალკალიანი ევროკომისარ ვარეის შეხვდა - ყურადღება EU-ს 2022 წლის საინვესტიციო გეგმაზე გამახვილდა

60e5d49fbd427
BM.GE
07.07.21 21:22
395
2021 წლის 7 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარეის შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალურ მიმართულებებზე. ორივე მხარის მიერ აღინიშნა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების ინტერესი და მზაობა.

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის 2022 წლის საინვესტიციო გეგმაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომ მიზნებს განსაზღვრავს და რომლის შესახებაც ვიზიტის ფარგლებში განაცხადა ვარეიმ. მხარეებმა განსაკუთრებით დადებითად შეაფასეს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, რომელიც პარტნიორი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი დახმარების მობილიზებას ითვალისწინებს კოვიდ-პანდემიის უარყოფითი შედეგების აღმოფხვრისა და სოციალურ-ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს პირადი წვლილისთვის, რის შედეგადაც დოკუმენტში აისახა საქართველოსთვის პრიორიტეტული ინიციატივები. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დოკუმენტი მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს დიფერენციაციასა და პარტნიორ ქვეყნებთან ინდივიდუალურ ინტერესებზე მორგებული თანამშრომლობის განვითარებაზე. მხარეებმა ისაუბრეს საინვესტიციო გეგმის ფარგლებში საქართველოსთვის იდენტიფიცირებულ საფლაგმანო ინიციატივებზე, რომლებიც სრულად ეხმიანება საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტებს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა შავ ზღვაზე ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული დაკავშირებადობის საფლაგმანო ინიციატივებს, რომელთა განხორციელება სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირისთვის.

საუბარი ასევე შეეხო მოლოდინებს 2021 წლის დეკემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, რომელზეც დამტკიცდება პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი მიზნები და მიღებულ იქნება ერთობლივი დეკლარაცია.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების საჭიროებაზე და ამ კონტექსტში საქართველოს მნიშვნელოვან როლზე. ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ევროკავშირის ჩართულობაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები