მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზამთარი მოდის – არის თუ არა ევროკავშირის ენერგეტიკული სისტემა მზად?

ევროკავშირი

რუსეთ-უკრაინის ომმა მკაფიოდ აჩვენა, თუ რაოდენ დიდი გამოწვევაა ენერგორესურსებზე დამოკიდებულება დასავლეთისთვის. მოგეხსენებათ, ნავთობისა და გაზის მიწოდება ის ეკონომიკური ბერკეტებია, რომელთაც რუსეთის მთავრობა და პრეზიდენტი პუტინი გეოპოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურად იყენებენ.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე, ენერგორესურსების იმპორტით ევროკავშირი სწორედ რუსეთზე იყო დამოკიდებული. 2021 წლის მონაცემებით, ევროკავშირში იმპორტირებული ბუნებრივი აირის დაახლოებით 45% რუსეთზე მოდიოდა, რაც განსაკუთრებით სერიოზულ გამოწვევად იქცა, როდესაც რუსეთმა ენერგორესურსების მიწოდება პოლიტიკური ბერკეტად გამოიყენა. ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად, გერმანია, უნგრეთი და სლოვაკეთი, გაზის იმპორტის 85%-ს რუსეთიდან იღებდა, რაც მათ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად ზღუდავდა. ნავთობის შემთხვევაში, 2022 წელს ევროკავშირის მასშტაბით რუსულ ნავთობზე დამოკიდებულება 27%-ს შეადგენდა, ხოლო ქვანახშირზე ეს მაჩვენებელი 50%-ს აჭარბებდა.

ომის დაწყების შემდეგ, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირება ევროკავშირის პრიორიტეტული მიზანი გახდა, რასაც არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაც მოჰყვა. მაგალითად, ევროკავშირმა აქტიურად დაიწყო გაზისა და ნავთობის სტრატეგიული რეზერვების შევსება. ამჟამინდელი მონაცემებით, გაზის რეზერვების შევსების დონე 95%-ს აჭარბებს, რაც ენერგოდეფიციტის თავიდან არიდებას უზრუნველყოფს. ამასთან, თხევადი გაზის (LNG) ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი გახდა. ომის დაწყებიდან მხოლოდ სამ წელიწადში ევროკავშირმა ათზე მეტი ახალი LNG ტერმინალი ააშენა, რაც ამერიკული და აზიური LNG-ით მარაგდება.

თხევადი გაზის იმპორტის ზრდასთან ერთად, ევროკავშირმა მნიშვნელოვნად გაზარდა განახლებადი ენერგიების წილი. 2021 წელს მწვანე ენერგიის წილი ევროკავშირის ენერგეტიკულ ბალანსში 22%-ს შეადგენდა, ხოლო 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი 35%-მდე გაიზარდა. ეს ზრდა ქარის, მზის და ბიომასის ენერგიის გაზრდილი გამოყენების ხარჯზე გახდა შესაძლებელი, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთი.

ბუნებრივია, რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებამ ბაზარზე ფასების სტაბილიზაცია გამოიწვია. 2022 წლის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით, გაზის ფასი 92%-ით შემცირდა, რაც დიდწილად განაპირობა თხევადი გაზის ინფრასტრუქტურის სწრაფმა განვითარებამ და სტრატეგიული რეზერვების შევსებამ. ამასთან, ნავთობის ფასიც 30%-ით დაეცა, ხოლო ქვანახშირის იმპორტი თითქმის 80%-ით შემცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა რუსეთის ენერგეტიკული გავლენისგან თავი დაიხსნა, მოსკოვმა სწრაფად მოიძია ახალი ბაზრები. 2024 წლისთვის რუსული ნავთობის ექსპორტი ინდოეთში გაორმაგდა, რაც ამ ქვეყანას რუსეთის ყველაზე მსხვილ იმპორტიორად აქცევს. ამასთან, ჩინეთმა გაზის იმპორტი 25%-ით გაზარდა და მან რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა. ამჟამად ინდოეთი და ჩინეთი იმაზე გაცილებით მეტ რუსულ ნავთობს და გაზს ყიდულობენ, ვიდრე ამას ევროკავშირი ოდესმე ახერხებდა, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ამ ორ ქვეყანაში თითქმის 6-ჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე ევროკავშირში.

რა თქმა უნდა, ევროკავშირის გადაწყვეტილებებმა გლობალურ ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. მაგალითად, აზერბაიჯანმა გაზის ექსპორტი 30%-ით გაზარდა, ხოლო თურქეთმა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებმა ენერგორესურსების დივერსიფიკაციის პროცესები დაიწყეს. გარდა ამისა, გალფის ქვეყნები, მათ შორის კატარი და საუდის არაბეთი მიწოდებას მკვეთრად ზრდიან.

მართალია, ევროკავშირმა შეძლო, რომ რუსეთზე დამოკიდებულება შეემცირებინა და ზამთრის შიშისგან განთავისუფლებულიყო, თუმცა რუსეთმა ახალი ბაზრების მოძიებით დაკარგული შემოსავლები აღიდგინა, ანუ ევროკავშირის ბაზარი აზიურით ჩაანაცვლა, რაც, შესაძლოა, კრემლისთვის გაცილებით უფრო ხელსაყრელი ცვლილება იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები