მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზამთარში, გზის ზოგიერთ მონაკვეთზე ზამთრის საბურავები, ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები სავალდებულო გახდება

ზამთრის საბურავები

ზამთარში, გზის ზოგიერთ მონაკვეთზე ზამთრის საბურავები, ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები სავალდებულო გახდება. შესაბამისი ცვლილებების მიღებას პარლამენტი გეგმავს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

ცვლილებების შესახებ საუბარია მთავრობის გეგმაში, რომელიც წელს წარსადგენ კანონპროექტებს მოიცავს და მთავრობამ პარლამენტს სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე უნდა წარუდგინოს. გეგმაში არ არის აღნიშნული, თუ რა სახის სანქცია დაეკისრებათ მძღოლებს, კანონის დარღვევის შემთხვევაში.

„საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით არ რეგულირდება მძღოლის ვალდებულება, მოლიპულ გზაზე მოძრაობისას იქონიოს ზამთრის საბურავები ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები. აღნიშნული რეგულაციის არარსებობა გზის ცალკეულ მონაკვეთებზე იწვევს როგორც მოძრაობის შეფერხებას, ისე ზრდის სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობას.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით სავალდებულო იქნება ზამთრის პერიოდში ცალკეულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი აღჭურვილი იყოს ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.

ამასთან, ადმინისტრაციული სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელსაც ზამთრის პერიოდში განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების რომელიმე თვალზე არ ექნება განსაზღვრული მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი. აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში პოლიცია უფლებამოსილი იქნება მძღოლს შეუზღუდოს განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა“, - განმარტავენ მთავრობაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები