თბილისში მდებარე ბუტიკ-სასტუმრო „შოთა რუსთაველის“ გენერალური მენეჯერის ნინო ჩუბინიძის პროგნოზით, ზაფხულსა და შემოდგომაზე საქართველოს ტურისტები ეყოლება, მაგრამ ზამთრის დაბალი სეზონის მოლოდინი სექტორში უკვე აშინებთ.
„ზამთარში ისევ დაიწყება ბრძოლა წესების გარეშე, გადარჩენისთვის“ - განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.
ნინო ჩუბინიძე, ისევე როგორც, ტურიზმის ინდუსტრიის არაერთი წარმომადგენელი „ქართული ოცნების“ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს დარგთან კომუნიკაციისკენ მოუწოდებს.
„თუ მშვიდობა იქნება, ველოდებით, რომ ოქტომბრის ბოლომდე ქვეყანაში ტურისტები იქნებიან და შესაბამისად, ჩვენც გვეყოლებიან სტუმრები... ნოემბრიდან კი, საკმაოდ მძიმე პერიოდი იწყება... სიმართლე გითხრათ, შარშანდელი ზამთრის გამოცდილების შემდეგ, მეშინია კიდეც წლევანდელი ზამთრის სეზონის მოსვლის... ზამთარში კი, ალბათ დაიწყება ბრძოლა წესების გარეშე, გადარჩენისთვის, სადაც მხოლოდ ძლიერები გადარჩებიან... ამიტომ კარგი იქნებოდა, თუ მოგვისმენენ [ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის ადმინისტრაცია] - მოქმედი ბიზნესები საკუთარ შეხედულებებს და მოსაზრებებს გავუზიარებთ, ისინიც გვეტყვიან, რა შეუძლიათ და თუ სახელმწიფოსგან იქნება მხარდაჭერა, შეიძლება გადავრჩეთ.
ქვეყანაში, სადაც მთავრობა ამბობს, რომ ტურიზმი მისთვის პრიორიტეტია, დაბალ სეზონზე ხელშემწყობი ღონისძიებები იყოს. ჩვენ არ ვითხოვთ სუბსიდირებას, მაგრამ შეიძლება, მაგალითად, სეზონური გადასახადების შემოღება“, - განაცხადა ნინო ჩუბინიძემ და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 2016 წლიდან მოყოლებული, წლევანდელი ზამთარი იყო პირველი, როდესაც სასტუმრო „შოთა რუსთაველს“ ხელფასების დასაფარად მფლობელის ფინანსური რესურსი დასჭირდა.
ძალიან მძიმე ზამთრის შემდეგ, მარტიდან დავიწყეთ მკვდრეთით აღდგენა - სასტუმრო "შოთა რუსთაველი"
ბუტიკური სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა „წერტილთან“ ინტერვიუში ასევე ისაუბრა ორ რეალობაზე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ტურიზმშია - კერძოდ, მთავრობის ეკონომიკური გუნდი საერთაშორისო ვიზიტორების ჯამური ზრდით კმაყოფილია, ხოლო ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები ტურისტების დეფიციტსა და შესაბამისად, ნაკლებ შემოსავალზე მიუთითებენ.
„სასტუმროების ბაზარი ძალიან გაიზარდა. უამრავი ახალი ობიექტი გაიხსნა, რაც თავისთავად ცუდი არაა, რადგან კონკურენცია ხარისხს ზრდის, მაგრამ ბიზნესს ორი მხარე აქვს - შემოსავლები და ხარჯები, ამიტომ აუცილებლად ვისაუბროთ იმაზეც, რამდენად გაეზარდა სასტუმრო ბიზნესს ხარჯები. სპეციალურად ამოვიღე ჩვენი სასტუმროს ხარჯების სტატისტიკა და 2019 წლის მერე სახელფასო ხარჯი გაზრდილი გვაქვს 55%-ით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი შემოსავალი და კიდევ უფრო მაღალ ფასში გაყიდული ნომრები, რათა ეს ხარჯები დავფაროთ. გარდა ამისა, კომუნალური ხარჯები წლიურად 100 000 ლარით გაგვეზარდა.
აქედან გამომდინარე, მაშინ როდესაც ბაზარზე ამდენი ახალი ობიექტია, მაშინ როდესაც დიდი მოთამაშეები იძულებულები არიან, დაბალ სეზონზე ძალიან დაბალ ფასად გაყიდონ საკუთარი ნომრები, ჩვენნაირ პატარა ობიექტებს სერიოზული პრობლემები ექმნებათ. ამდენად, ერთია ტურისტების გაზრდილი რაოდენობა, რომელიც ქვეყანაში შემოდის და მეორეა, რა ფასში იყიდება სასტუმროს ნომრები... კარგი იქნება თუ სახელმწიფო დაჯდება და კარგად მოუსმენს სტუმარ-მასპინძლობის სფეროს, გაიგებს რა საჭიროებები აქვთ და ა.შ.“, - თქვა ნინო ჩუბინიძემ.




























