ენერგეტიკოსი მიხეილ ოდიშარია მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკული სისტემის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მხოლოდ CfD აუქციონები საკმარისი არ არის. იგი მიიჩნევს, რომ საჭიროა ევროპულ პრაქტიკაში გამოყენებული სიმძლავრის ანაზღაურების მექანიზმის (Capacity Remuneration Mechanism – CRM) დანერგვის განხილვა.
როგორც მან BMG-ის განუცხადა, მზის სადგურებისა და მოდინებაზე მომუშავე ჰესების მშენებლობა შედარებით მარტივია, რის გამოც დეველოპერები ხშირად სწორედ ამ პროექტებზე აკეთებენ არჩევანს. თუმცა საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას განსაკუთრებით სჭირდება ისეთი გენერაციის ობიექტები, რომლებიც ელექტროენერგიის მიწოდებას ზამთრის პერიოდში და კრიტიკული დატვირთვის საათებში შეძლებენ.
„CFD აუქციონის მთავარი დანიშნულება ელექტროენერგიის გამომუშავების ფინანსური მხარდაჭერაა. თუმცა ეს მექანიზმი თავისთავად ვერ უზრუნველყოფს, რომ ელექტროსადგური ელექტროენერგიას სწორედ მაშინ მოგვაწვდის, როდესაც სისტემას ყველაზე მეტად სჭირდება. ევროპაში ამ პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენება სიმძლავრის ანაზღაურების მექანიზმები, მათ შორის სიმძლავრის ბაზრის მოდელი (Capacity Market), რომელიც ელექტროენერგიის ბაზართან ინტეგრირებულია. ასეთი მექანიზმის ფარგლებში ელექტროსადგურს შეუძლია ანაზღაურება მიიღოს არა მხოლოდ გამომუშავებული ელექტროენერგიისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ საჭიროების შემთხვევაში სისტემისთვის ხელმისაწვდომი სიმძლავრე უზრუნველყოს. სიმძლავრის აუქციონებში გამოიყენება ე.წ. derating factor — კოეფიციენტი, რომლითაც ფასდება, რამდენად საიმედოდ შეუძლია კონკრეტულ ტექნოლოგიას ელექტროენერგიის მიწოდება კრიტიკულ საათებში. მაგალითად, თუ მზის სადგურის დადგმული სიმძლავრე 100 მეგავატია, ეს არ ნიშნავს, რომ სისტემას კრიტიკულ მომენტში სრულად შეუძლია ამ 100 მეგავატის იმედი ჰქონდეს. შესაბამისად, აუქციონში მისი საიმედო სიმძლავრე შესაბამისი კოეფიციენტით განისაზღვრება.
წყალსაცავიან ჰესს კი, წყლის საკმარისი მარაგის არსებობის შემთხვევაში, შეუძლია ელექტროენერგიის გამომუშავება იმ პერიოდებში, როდესაც სისტემას ამის საჭიროება აქვს. შესაბამისად, ასეთ სადგურს შესაძლოა უფრო მაღალი საიმედო სიმძლავრე მიენიჭოს, რაც სიმძლავრის აუქციონში მის კონკურენტუნარიანობას გაზრდის.
საქართველოს შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ზამთრის ენერგეტიკული დეფიციტი და კრიტიკულ საათებში სიმძლავრის დეფიციტი. სიმძლავრის ანაზღაურების მექანიზმი პირველ რიგში სისტემის ადეკვატურობას და საიმედო სიმძლავრის ხელმისაწვდომობას ემსახურება, ხოლო ზამთრის განმავლობაში ელექტროენერგიის დეფიციტის შესამცირებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი გენერაციის განვითარება, რომელსაც ენერგიის სეზონურად დაგროვებისა და საჭირო პერიოდში გამომუშავების შესაძლებლობა აქვს. ამიტომ, ახალი CfD აუქციონების მომზადების პარალელურად, მიზანშეწონილია შეფასდეს საქართველოს ენერგეტიკული სისტემის სიმძლავრის ადეკვატურობა და განიხილებოდეს სიმძლავრის ბაზრის მექანიზმის შემოღება. ეს საშუალებას მოგვცემს, ინვესტიციები წავახალისოთ არა მხოლოდ ახალი მეგავატების დამატების, არამედ სისტემისთვის რეალურად საჭირო საიმედო სიმძლავრის უზრუნველყოფის მიმართულებით“, - აცხადებს ოდიშარია.
საინვესტიციო ბანკის Galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით, ყველაზე ხელსაყრელი პირობებით კვლავ მზის სადგურები სარგებლობენ მაშინ, როდესაც ქვეყანას ჰესები და ქარის სადგურები უფრო სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო კვლავ სეზონურ გენერაციაში დებს ფულსს და არა დიდი ჰესების პროექტებში, რომლებიც ერთი მხრივ იმპორტის პრობლემას მოაგვარებს, ხოლო მეორე მხრივ სტრატეგიული ენერგოობიექტები იქნება. Galt & Taggart-ის დათვლებით, CfD ტარიფით მზის სადგურების უკუგება ყველაზე მაღალია, ასევე გარანტირებული ტარიფი მზის ობიექტებს მთელი წელი აქვთ მაშინ, როცა ქარისა და ჰესების 8-9 თვეა.
























