მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზარაფხანა" ფილიალის გახსნას საზღვარგარეთ გეგმავს

ზარაფხანა

საიუველირო სახლის "ზარაფხანას" აღმასრულებელი დირექტორის, თორნიკე სამხარაძის განცხადებით, მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, ფილიალს საზღვარგარეთაც გახსნიან. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.

მისივე ინფორმაციით, უცხოეთის ბაზარზე გასვლის საკითხზე წინა წლიდან აქტიურად მუშაობენ, რაზედაც უკვე გარკვეული წინსვლაც არსებობს. ამ ეტაპზე, კომპანია მოლაპარაკებებს იტალიასთან, საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან აწარმოებს.

„სამივე მხარეს აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. საკმაოდ დიდი სამუშაო გაკეთდა და კიდევ უფრო დიდი სამუშაოა წინ გასაკეთებელი. წლის განმავლობაში დიდი იმედი გვაქვს, რომ საზღვრებს გავცდებით, თუ გლობალურად ცუდი სიურპრიზი არ იქნა, დიდი ალბათობით, ამ მხრივ სიახლეები გვექნება“,- ამბობს "ზარაფხანას" აღმასრულებელი დირექტორი.

რაც შეეხება საქართველოში ფილიალის დამატებას, თორნიკე სამხარაძე აღნიშნავს, რომ ამ კუთხითაც აქტიურად მუშაობენ. საქმე ეხება ან ერთი დიდი ფილიალის, ან ორი პატარა ფილიალის გახსნას.

„საქართველოში ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, პროექტის მოგებიანობის შეფასების ეტაპზე ვართ. საქართველოს შემთხვევაში საორიენტაციოდ, დაახლოებით 800 000 ლარამდე ინვესტიცია იგეგმება, ხოლო უცხოეთის შემთხვევაში, საინვესტიციო ხარჯი ბევრად მეტი იქნება, ვინაიდან იქ საიჯარო ხარჯი მეტია“, - ამბობს სამხარაძე.

აღსანიშნავია, რომ "ზარაფხანასთვის" ეს საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პირველი მცდელობა არ არის. 2020 წელს, კომპანიის მენეჯმენტი აცხადებდა, რომ შოურუმების გახსნას ლონდონსა და უკრაინაში გეგმავდნენ. 2023 წელს კი ამბობდნენ, რომ მათი შოურუმის გახსნა დუბაიში იგეგმებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები