მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზარალიან წყალმომარაგების კომპანიაში 3 "მრჩეველი" ჰყავთ, ჯამური ხელფასით 117,000 ლარი

61446da63bdf1
შოთა ტყეშელაშვილი
18.09.21 00:10
1611
“საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ზარალიანი სახელმწიფო კომპანიაა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კომპანია რეგიონებში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების შექმნაზეა პასუხისმგებელი. ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიამ 2020 წელი 205.4 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. ზარალიანი იყო კომპანიისთვის 2019 წელიც, რაც 85 მილიონ ლარს შეადგენდა, შესაბამისად, ბოლო 2 წელში 290 მილიონით იზარალა.

BMG-ის მიერ ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, “გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიაში” დირექტორის მრჩევლის პოსტზე დასაქმებულია სამი ადამიანი, რომელთა ყოველთვიური გასამრჯელოც, ჯამში, 9,750 ლარს (წლიურად 117,000 ლარს) შეადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეული მრჩევლის თანამდებობრივი სარგო თვეში 3250 ლარს შეადგენს, რაც წლიურად 39,000 ლარს ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“, ისევე როგორც სახელმწიფო კომპანიების სრულმა უმრავლესობამ, „მრჩევლების“ პოზიციაზე დასაქმებული ადამიანების ვინაობის გასაჯაროებაზე უარი გვითხრა და მიზეზად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სხვადასხვა მუხლი მოიყვანა, მათ შორის ის, რომ „აღნიშნული პერსონალურ ინფორმაციას წარმოადგენს“.

თავად ამ შპს-ის დირექტორმა რიგოლ მანდარია 2020 წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით 56,136 ლარი აიღო, რაც თვეში 4,678 ლარს შეადგენს.

2020 წელს "გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ" 38.7 მილიონი ლარის საოპერაციო შემოსავალი და 30 მილიონი ლარის სახელმწიფო სუბსიდია მიიღო.

კომპანიაში დასაქმებულია 2800-მდე თანამშრომელი, რომელიც ემსახურება 347 ათასზე მეტ აბონენტს.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, როგორც 2019, ასევე 2020 წლებში კომპანიის ზარალის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება იყო. 2020 წელს საკურსო ზარალმა 193 მილიონი ლარი, 2019 წელს კი 52.5 მილიონი ლარი შეადგინა. საკურსო ზარალი გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ კომპანიას 1.159 მილიარდი ლარის გრძელვადიანი სესხები აქვს აღებული, რითიც ის სხვადასხვა რაიონში წყალმომარაგების პროექტს ასრულებს, ლარის გაუფასურების გამო კი მისი სესხის ნაშთი იზრდება.

2020 წლის 31 დეკემბრისთვის კომპანიას ზარალის სახით 797 მილიონი ლარი ჰქონდა დაგროვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები