„ლილო მოლში“ 5 000 მ²-ის ორსართულიანი შენობა სრულად დაიწვა. ადგილზე სახანძრო ბრიგადები არიან მობილიზებულები და კერის ქრობის სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. სავაჭრო ცენტრში გუშინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ არსებული მდგომარეობისა და ზარალის შესახებ „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა BM.GE-სთან ისაუბრა.
გია კვარაცხელია ამბობს, რომ შენობა, სადაც ხანძარი გაჩნდა, ისევე როგორც ცალკეული მეწარმეების მაღაზიები დაზღვეული იყო, თუმცა დღეისთვის ჯერ უცნობია რა ზარალი მიადგათ მოვაჭრე სუბიექტებსა და თავად „ლილო მოლს“.
„5 000 მ² ის ორსართულიანი შენობა სრულად დაიწვა. მეორე სართულზე ცნობილი სავაჭრო ობიექტი „7 სპილო“ იყო, სადაც ნაძვის ხეებს და საახალწლო საქონელს მთელი საქართველოდან ჩამოდიან და ყიდულობენ. მეორე სართულის დანარჩენი ნაწილი კი სასაწყობე მეურნეობა იყო. პირველ სართულზე 80-100 მცირე მაღაზია იყო. ჯერჯერობით შიგნით არ შევსულვართ, რადგან ქრობის პროცესი ახლაც მიმდინარეობს. ველოდებით ნებართვებს, რომ შევიდეთ და აღვწეროთ ზარალი.
რა თქმა უნდა, ზარალი საკმაოდ დიდია ჩვენთვისაც, მეწარმეებისთვისაც და ზოგადად საქმიანობისთვის. გამოძიება მიმდინარეობს და მიზეზებზე საუბარი მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება“, - აღნიშნა გია კვარაცხელიამ.
„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი ამ დროისთვის ვერც იმას ამბობს შენობა აღდგენა თუ ახალი აშენდება: „ნაგებობა და მეწარმეები დაზღვეულები არიან. სადაზღვეოც ჩაერთვება ზარალის დათვლაში. დიდი შრომა დაგვჭირდება, რომ ყველაფერს თავის სახე დაუბრუნდეს. ყველაფერს გავაკეთებთ მეწარმეებისთვის, რომ აღდგეს სამუშაო სივრცე. ამ დროისთვის არ ვიცით შენობა აღდგება თუ ახალი აშენდება“.
გია კვარაცხელია აღნიშნავს, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დამსახურებაა ის, რომ ხანძრის ბაზრის სხვა მონაკვეთებზე არ გავრცელდა.
„რაც მინდა აღვნიშნო, ის არის, რომ სახანძრო-სამაშველო სამსახური მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. ძალიან კარგი ტექნიკაა შეძენილი და მუშაობა უმაღლესი სტანდარტებით მიმდინარეობდა. ღვთის და მათი წყალობით ხანძარი სხვა ტერიტორიაზე არ გავრცელებულა. მხოლოდ ამით შემოიფარგლა“, - აღნიშნა კვარაცხელიამ.
ცნობისთვის, 28 იანვარს ლილო მოლის ერთ-ერთ შენობაში დაახლოებით 15:30 საათისთვის ხანძარი გაჩნდა, რომლის ლოკალიზება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 17 საათისთვის შეძლო. ადგილზე 15 ავტოცისტერნა და 120-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული.