მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ზედაზენის" ახალ მფლობელს Tempo Beverages-ს ისრაელის სასმელების ბაზრის 40%-იანი წილი აქვს

ტემპო Tempo

ისრაელის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა ჰოლდინგმა Tempo Beverages-მა "ზედაზენის" 60%-იანი წილი შეიძინა. გარიგების ღირებულება 57 მილიონ დოლარს შეადგენს.

Tempo Beverages-სა და "ზედაზენის" მფლობელს, "დეილი ჯგუფს" შორის გარიგების თაობაზე პირველად ცნობილი აპრილის დასაწყისში გახდა, დღეს კი გაირკვა რომ გარიგება უკვე შედგა და Tempo Beverages-ი უკვე "ზედაზენის" 60%-ის მფლობელია.

Tempo Beverages Ltd. (ტემპო ჯგუფი) ლუდისა და სასმელების მწარმოებელი და სადისტრიბუციო წამყვანი კომპანიაა, რომელიც 1954 წლიდან საქმიანობს ისრაელსა და მის ფარგლებს გარეთ. კომპანიის სტრატეგიულ პარტნიორთა შორისაა ლუდის ინდუსტრიის გლობალური ლიდერი – Heineken, რომელიც, თავის მხრივ, „ტემპო ჯგუფის“ 40%-იან წილს ფლობს.

კომპანიის ინფორმაციით, "ტემპო ჯგუფი" ისრაელის სასმელების ბაზრის დაახლოებით 40%-ს ფლობს და წარმოდგენილია როგორც ალკოჰოლური, ისე არაალკოჰოლური სასმელების ყველა კატეგორიაში. კომპანია აწარმოებს ისეთი ცნობილი ბრენდების ლიცენზირებულ პროდუქტებს, როგორებიცაა: Heineken, Paulaner, Pepsi, XL და სხვ.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2024 წელს ჯგუფის შემოსავალმა 700 მილიონი დოლარი, მოგებამ კი 30 მილიონი დოლარი შეადგინა.

კახაბერ კოტრიკაძე, სს ქართული ლუდის კომპანია ზედაზენის დირექტორი:

ტემპო ჯგუფის ინვესტიცია არა მხოლოდ ადასტურებს საქართველოს ბაზრის საინვესტიციო პოტენციალს, არამედ ქართული ეკონომიკის გლობალურ ბიზნესქსელებში ინტეგრაციის თვალსაჩინო მაგალითია.

ზედაზენში ტემპო ჯგუფის და ჰაინეკენის გამოცდილებისა და საერთაშორისო ნდობის ინტეგრაცია კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს ტექნოლოგიურ ინოვაციების დანერგვას ქართულ საწარმოში. მათთან პარტნიორობა ხელს შეუწყობს როგორც ქართულ პროდუქციაზე ნდობისა და, შესაბამისად, მოთხოვნის ზრდას საერთაშორისო ბაზრებზე, ისე ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.

Daniel Beer, ,,ტემპო ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი

ჩვენი მიზანია, რომ Tempo Beverages-ის გლობალური ქსელის, ტექნოლოგიური კომპეტენციის და მარკეტინგული ექსპერტიზის გამოყენებით გავაძლიეროთ ზედაზენის ლიდერობა შიდა ბაზარზე, დავნერგოთ ინოვაციური პროდუქტის ხაზები და განვავითაროთ ექსპორტის შესაძლებლობები. ამ პარტნიორობით ვხედავთ შესაძლებლობას, რომ ზედაზენი იქცეს რეგიონის ერთ-ერთ გამორჩეულ სასმელების მწრმოებლად, რომელიც წარმატებით გავა საერთაშორისო ბაზრებზე და ამავე დროს შეინარჩუნებს ქართულ იდენტობას, ტრადიციასა და ადგილობრივ ღირებულებებს“.

გარიგების დასრულება სტრატეგიული თანამშრომლობის პირველი ნაბიჯია. მხარეები ინვესტიციების ახალ ტალღას გეგმავენ, რომელიც მოიცავს პროდუქციის განვითარებას, საწარმოო სიმძლავრეების გაზრდასა და ინოვაციური სტრატეგიების დანერგვას, რაც მაქსიმალურად იქნება მორგებული ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები