თეთრ სახლში დაგეგმილი ისტორიული სამიტის წინ უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში ჩავიდა. ის ახლა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ხვდება. დაგეგმილია ერთობლივი კონფერენციაც, რომელზეც მხარეები ხვალინდელი სამიტის შესახებ ისაუბრებენ.
ზელენსკი და ფონ დერ ლაიენი დღეს “მსურველთა კოალიციის” ვიდეო-კონფერენციაშიც მიიღებენ მონაწილეობას, სადაც უკრაინის მოკავშირე 30-მდე ქვეყნის, მათ შორის გერმანიისა და ბრიტანეთის ლიდერებთან ერთად ხვალინდელ შეხვედრას განიხილავენ.
ცნობისთვის, თეთრ სახლში დაგეგმილი ისტორიული სამიტი, რომელშიც მონაწილეობას დადასტურებულად დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ფინეთის, ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერები მიიღებენ, ხვალ, 18 აგვისტოს გაიმართება. ღონისძიებაზე ამერიკის პრეზიდენტი უკრაინის ლიდერსა და მის ევროპელ მოკავშირეებს პუტინთან გამართული შეხვედრის შესახებ დეტალურად გაესაუბრება და ომის დასრულების შესაძლო სცენარებს მათთან ერთად განიხილავს.




























