უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
"ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას და ორივე ქვეყანას ვუსურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას", - დაწერა სოციალურ ქსელ X-ზე უკრაინის პრეზიდენტმა.
გუშინ, 19 ნოემბერს, 1000 დღე გავიდა მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ამ დღესთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა მიმართვა გაავრცელა.
"1000 დღეა, რაც თქვენ, უკრაინელო მეგობრებო, იბრძვით თქვენი ქვეყნის დასაცავად, თქვენი დამოუკიდებლობის დასაცავად, თავისუფლების დასაცავად. თქვენ იბრძვით ჩვენი სახელით, ევროპელის სახელით, ყველას სახელით, ვისაც სურს საკუთარი თავისუფლება დაიცვას რუსული იმპერიალიზმისგან, რუსეთის დამორჩილების, ანექსიისა და სხვა მეზობლების ტერიტორიების გაკონტროლებისგან.
თქვენი ეს ბრძოლა, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, არასოდეს იქნება დავიწყებული. და შეიძლება დამთხვევაა (მაგრამ, რა თქმა უნდა არა) ის, რომ დღეს, ოკუპირებულ აფხაზეთში, ჩვენი მოქალაქეები რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მორიგ მცდელობებს ეწინააღმდეგებიან. არც ეს იქნება წარმატებული, და ყველგან, სადაც ხალხი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ყველგან გაიმარჯვებს", - ამბობს პრეზიდენტი.