ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ 4-თვიანი დროებითი მართვის რეჟიმის შემდეგ მუშაობა სრულად განაახლა.
როგორც საწარმოს დირექტორმა, გოჩა ქურდაძემ BMG-ის განუცხადა, განახლებულია ფეროშენადნობების ექსპორტიც. საწარმოში აცხადებენ, რომ კვლავ გამოწვევად რჩება გლობალურად პროდუქციაზე შემცირებული ფასები, თუმცა მოლოდინია, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ვითარება მიმდინარე წლის II კვარტალიდან გამოსწორდება.
„ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა 1 მარტიდან სრული დატვირთვით ამუშავდა. წარმოების განახლებამდე ქარხანას ჰქონდა დროებითი მართვის პერიოდი, რომელიც გამოვიყენეთ იმისთვის, რომ მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებები ჩაგვეტარებინა. ცალკე მინდა გამოვყო ნომერი 21-ე ღუმელი, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა ქარხნის სიმძლავრეები. კაპიტალური სამუშაოების პარალელურად, მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ ეკოლოგიური პირობები. ვგულისხმობთ, გაზ გამწმენდი ფილტრების განახლებას.
დღევანდელი მონაცემებით, საექსპორტო გადატვირთვები განახლებულია, თუმცა აღსანიშნავია, რომ გაყიდვები წარმოებას ვერ მისდევს. ფასები კვლავ შემცირებულია. მიუხედავად ბაზარზე არსებული ვითარებისა, ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობს. ჩვენს გვაქვს არსებული მარაგები და ახალი კონტრაქტი იმპორტირებულ მადნებზე, ყოველთვიურად საუკეთესო ხარისხის მადნებს ვიღებთ საკმაოდ დაბალ ფასად, რაც უზრუნველყოფს წარმოების უწყვეტობას და მდგრადობას.
მოლოდინი გვაქვს, რომ მეორე კვარტალიდან ვითარება რადიკალურად შეიცვლება, საექსპორტო მოცულობები გაიზრდება და ფასებიც აიწევს“, - განაცხადა გოჩა ქურდაძემ.
ცნობისთვის, 2024 წლის წლის პირველი ნოემბრიდან "ჯორჯიან მანგანეზმა" ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა დროებით 2025 წლის პირველ მარტამდე გააჩერა. კომპანია მიზეზად მსოფლიო ბაზარზე სილიკომანგანუმზე ფასების მკვეთრ ვარდნას და მოთხოვნის შემცირებას, ასევე მადნის დეფიციტს ასახელებდა.