მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზეთის მწარმოებელი „ქარვა“ ექსკლუზიურად ლოკოკინის საკვების წარმოებას იწყებს

5f92782a749b0
ვიქტორია მღებრიშვილი
23.10.20 23:20
1668
მცენარეული ზეთის მწარმოებელი კომპანია „ქარვა“ „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით, ხობში კომბინირებული საკვების საწარმოს აამოქმედებს, რომელიც პროდუქციას ცხოველის, ფრინველის, თევზისა და ლოკოკინისთვის გამოუშვებს. ინფორმაციას ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდი“ ავრცელებს.
 
მათივე ცნობით, საწარმო 1 საათში 3.5 ტ კომბინირებული მზა საკვებს აწარმოებს და პირველად საქართველოში, ექსკლუზიურად იწყებს ლოკოკინის საკვების წარმოებას. ამ დროისათვის უკვე გაფორმებულია მემორანდუმი კომპანია „ჯეოვეტთან“, რომლის დაკვეთით მოხდება პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.

„მოხარული ვარ, რომ „საპარტნიორო ფონდი“ კიდევ ერთ საწარმოს ქმნის, ამჯერად სამეგრელოში, ხობში. ეს არის კომპანია „ქარვას“ განსხვავებული ინდუსტრიული ხაზი - კომბინირებული საკვების წარმოება ცხოველის, ფრინველის, თევზისა და ლოკონიკისთვისაც კი, რაზეც უკვე მზარდი მოთხოვნა გამოიკვეთა. აღსანიშნავია, რომ წარმოების პროცესში ძირითადი პროდუქტი სიმინდის მარცვლის ის ნაწილია, რომელიც სიმინდის ზეთის წარმოებისას ნარჩენის სახით რჩება, რაც პროდუქციის თვითღირებულებას ამცირებს. უმნიშვნელოვანესია, რომ საწარმოში 50 ადგილობრივი დასაქმდება, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლები გაჩნდება და რაც მთავარია, ასეთი ტიპის წარმოების დაწყება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის ახალი დარგების განვითარებას არამხოლოდ სამეგრელოს რეგიონში, არამედ - მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, წარმოება პარტნიორების პირადი კაპიტალით ხორციელდება, „საპარტნიორო ფონდის“, სოფლის განვითარების სააგენტოს, პროგრამა „აწარმოე საქართველოს“, ბანკი „ქართუსა“ და „ბაზისბანკის“ ჩართულობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები