„ჩემი ხედვით, ახლა ზღვრებს ვეთამაშებით. იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდით, თუ ასე გავაგრძელებთ, მე ასეთ კარგ [ეკონომიკურ] ზრდას და გაგრძელებას ვეღარ ვხედავ“,- ამის შესახებ ბიზნესის მრჩეველმა, ნიკოლოზ შურღაიამ BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ Fitch-ის რეიტინგის მიმოხილვისას განაცხადა.
მისი შეფასებით, თუ ვინმეს დინამიკის ნახვა აინტერესებს, პირველ რიგში ლარისა და აქციების კურსს უნდა შეხედოს, სადაც უფრო სწრაფად ხდება ასახვა. ბიზნესის მრჩეველი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკამ 90-94 წლებში ეკონომიკური კოლაფსი გაიარა, რომლის დაძლევაშიც ევროკავშირის დახმარებებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
„ლარი ახლა არის წნეხის ქვეშ. თუ ვინმეს დინამიკა აინტერესებს, პირველ რიგში ლარისა და აქციების კურსს უნდა შეხედოს, სადაც დინამიკა უფრო სწრაფად აისახება, ვიდრე Fitch-ის რეიტინგში. ფასს სწრაფად იცვლის აქტივები, აქციები და ვალუტა, ხოლო დეფოლტის ალბათობა ასე სწრაფად არ შეიცვლება.
საქართველოს ეკონომიკამ 90-94 წლებში ისეთი კოლაფსი განიცადა, რომ კიდევ ბევრს მივაღწიეთ, რომელიც ჩვენი შრომითა და დასავლეთის ქვეყნების უზრუნველყოფით მოხდა. შესაბამისად, ევროკავშირის კურსი ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან გინდა არ გინდა, ეს გაძლევს გარკვეულ ჩარჩოს და განცდას სტაბილურობის, დაცულობის, ბიზნეს გარემოს განჭვრეტადობის და თუ ეს ასე არ არის, ჩვენ პატარა ნავი ვართ დიდ ოკეანეში, რომელიც გარშემორტყმულია ძალიან რთული ქვეყნებით და ჭიდილით ავტორიტარულ და დემოკრატიულ ქვეყნებს შორის. ჩვენ ძალიან მყიფე პოზიციაში ვართ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დეფოლტისკენ (არის სასესხო ხელშეკრულების არ შესრულება) სწრაფად წავალთ ან უმუშევრობა გაიზრდება და მძიმე სცენარები განვითარდება, თუმცა რისკები ცუდი განვითარების მატულობს. ერთ-ერთი ინდიკატორია მშენებლობის სექტორი, სადაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი მიჩნდება. სწრაფად იზრდება ძალიან“,- განაცხადა შურღაიამ.
მისივე განმარტებით, თუ საქართველო შეზღუდული ქვეყნების ანაბარა დარჩება, მაშინ ტურიზმის, ფულის ხარჯვის და ყველაფრის ხარისხი დაბლა წამოვა. ამასთან, მოხდება ქონების კონცენტრაცია ერთეულების ხელში, რაც ავტორიტარული სიტუაციების დამახასიათებელია.
„ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი ახლობლები უფრო მეტ და მეტ ადგილას შევლენ და ვიღაცებს დაურეკავენ, რომ წილი გადმოუფორმონ. ეს მსოფლიო ისტორიამ იცის და ჩვენი ქვეყანაც არ არის გამონაკლისი ამ კუთხით. სული რომ ზიანდება, შემდეგ ეს ეკონომიკასა და ჯიბეზეც აისახება ხოლმე, მაგრამ ეს განაწილების საკითხია. ფული ყოველთვის არის, გააჩნია ვის ჯიბეში გადაინაცვლებს, თუმცა შეიძლება ის ფულიც შემცირდეს.
ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ 2030 წელს ევროკავშირში შევალთ და ამას ხელისუფლების უმაღლესი პირებიც იმეორებენ. ჩემთვის ეს არის ყვარყვარე თუთაბერის „ოქროს სარაიას აგიშენებ, ჩემს საკუთარს რომ მოვრჩები“, მაგრამ შეიძლება მე ვცდები. ან ისინი ცდებიან, ან შეგნებულად ამბობენ სიცრუეს, რომ ხალხმა დაიჯეროს, იმედი ჰქონდეთ და შემდეგ რამეს მოიფიქრებენ“,- აცხადებს ბიზნესის მრჩეველი.
შურღაიას თქმით, მსოფლიო ისტორიას თუ გადავხედავთ, მიზანი საშუალებას არ ამართლებს. მისივე განმარტებით, მსოფლიოში ერთეული გამონაკლისები არსებობს, ეკონომიკური ზრდა მუშტით მიიღწევა. თუმცა, თუ მიზანი საშალებებს ამართლებს, მაშინ ცუდი საშუალება ცუდ შედეგებამდე მიგიყვანს.