ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის XI მიკრორაიონის I კვარტალში 7 400 კვ.მ ფართობზე ახალი სკვერი მოეწყო.
როგორც bm.ge-ის თბილისის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი პავილიონები, მოეწყო სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, ფილები და საპარკე ინფრასტრუქტურა; ხე-მცენარეების 500-მდე ნერგი დაირგო, ასევე, მოეწყო ბალახის საფარი.
აღნიშნული პროექტის ღირებულება 510 000 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.
ახალი სკვერი ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა. „სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყო, ასევე, შესრულდა გამწვანების სამუშაოები. სკვერი ზღვისუბნის ცენტრალურ გზასთან ახლოს არის, შესაბამისად, ამ დასახლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენ მიმდინარე წელსაც აქტიურად გავაგრძელებთ რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობას“, - განაცხადა გამგებელმა.




























