რუსეთის ოფიციალური პირები შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ჩავიდნენ, სადაც აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებთან გამართავენ მოლაპარაკებებს უკრაინაში მიმდინარე მრავალწლიანი ომის დასასრულებლად - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია რუსული დელეგაციის წყაროზე დაყრდნობით წერს.
აღნიშნული შეხვედრები ჟენევაში აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე დიალოგის პარალელურად იმართება.
წყაროს ცნობით, რუსეთის დელეგაციას ნაციონალისტი ისტორიკოსი და კულტურის ყოფილი მინისტრი, ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს.
შვეიცარიაში გამართულ შეხვედრებზე უკრაინის ომის დასრულების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს არ ელიან, რადგან საკვანძო საკითხებზე ორივე მხარე საკუთარ პოზიციას ინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეთანხმების მისაღწევ ვადად ივნისი განსაზღვრა. ცენტრალური საკითხი უკრაინული მიწების მომავალია, რომელიც რუსეთს ოკუპირებული აქვს ან რომლის მითვისებაც სურს.
ამავდროულად ცნობილია, რომ სავარაუდოდ დღესვე ჟენევაში აშშ და ირანი ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მეორე რაუნდს გამართავენ.
მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 6 თებერვალს ომანში გაიმართა და ის არაპირდაპირი ხასიათის იყო: ამერიკული დროშის ქვეშ მყოფი მანქანები სასახლის ტერიტორიაზე მხოლოდ მას შემდეგ შევიდნენ, რაც ირანელმა მაღალჩინოსნებმა იქაურობა დატოვეს. დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებების ფორმატი კი ჯერჯერობით უცნობია.
მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის ჟენევაში ტრამპის წარმომადგენლები - სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი გაემგზავრნენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომელიც ორშაბათს უნგრეთში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ სირთულეების მიუხედავად, აშშ ირანთან შეთანხმების მიღწევის იმედს იტოვებს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, რომელიც ირანის მხრიდან ხელმძღვანელობს მოლაპარაკებებს, ორშაბათს ჟენევაში გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა.
ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს მიაღწიოს შეთანხმებას ირანის ბირთვული პროგრამის შესაზღუდად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ შექმნას. ირანი აცხადებს, რომ იარაღის შექმნას არ ცდილობს და ამ დრომდე ეწინააღმდეგება მოთხოვნებს ურანის გამდიდრების შეწყვეტასა ან ურანის მარაგის გადაცემასთან დაკავშირებით.




























