მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჟენევის ფორმატი დარჩება ჟენევაში - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ჟენევის ფორმატი ჟენევაში დარჩება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის მინსკში შესაძლო გადატანაზე კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

"ჟენევის ფორმატი დარჩება ჟენევაში, ეს არის რაც შემიძლია გითხრათ", - თქვა პრემიერმა.

ცნობისთვის, ჟენევის მოლაპარაკებების გადატანას დე ფაქტო მთავრობები და რუსეთი ითხოვენ. ეს საკითხი მათ ჟენევის მოლაპარაკებების 62-ე რაუნდზეც დააყენეს, რომელიც 5-6 ნოემბერს გაიმართა, თუმცა შეთანხმებას ამჯერადაც ვერ მიაღწიეს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოსა და რუსეთს შორის შეიქმნა. მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ აშშ-ს წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. აღნიშნული ფორმატის ყველა მონაწილე ინდივიდუალური სტატუსით არის წარმოდგენილი.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველში განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორეში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები