პროკურატურამ თაღლითური ქოლ-ცენტრის A.K. GROUP-ის ხელმძღვანელებსა და აგენტებს უძრავი ქონებები დაუყადაღა. ინფორმაციას ამის შესახებ სტუდია „მონიტორი“ ავრცელებს.
საჯარო რეესტრს ყადაღის რეგისტრაციის მოთხოვნით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დღეს, 13 მარტს მიმართა.
სტუდია "მონიტორის" ცნობით, დაყადაღებულია:
- აკაკი ქევხიშვილის უძრავი ქონება, კომპანიის წილი და დედის სახელზე რეგისტრირებული ქონება.
- მერი შოთაძის კომპანიის წილი და უძრავი ქონება, რომელიც მან 25 თებერვალს გადააფორმა სხვა პირზე.
- ლანა ვახტანგაძის სახელზე რეგისტრირებული პარკინგი თბილისში.
- თახირ სულთანოვის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება — მიწის ნაკვეთი მცხეთაში და ბინა თბილისში.
ჟურნალისტური გამოძიება, რომელზეც სტუდია მონიტორმა, “აი, ფაქტმა”, ფლანგვის დეტექტორმა, OCCRP და 30-ზე მეტმა საერთაშორისო მედიამ იმუშავეს, 5 მარტს გამოქვეყნდა. მათ დაადგინეს, რომ თბილისის ცენტრში მდებარე ქოლ-ცენტრმა 2022-2025 წლებში ევროპასა და კანადაში მსხვერპლებისგან სულ მცირე 35 მილიონი დოლარი მოიპარა.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ქოლ-ცენტრს მართავს კომპანია, სახელად A.K. Group, რომლის მთავარი ოფისიც თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარეობს. თბილისის ცენტრში, საბურთალოზე მოქმედ ორ ქოლ-ცენტრში 80-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა. 2022 წლის მაისიდან 2025 წლის თებერვლამდე მათ 6 100-ზე მეტ უცხოელ მსხვერპლს 35 მილიონი დოლარზე მეტი გამოსძალეს.
ჟურნალისტური გამოძიებით გამოვლენილი ქოლ-ცენტრის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი (180-ე და 194-ე) მუხლით დაიწყო, რაც თაღლითობასა და ფულის გათეთრებას გულისხმობს.