მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზოგიერთი კომპანია სარეკლამო SMS-ებს ისევ აგზავნის - ნიკოლოზ პოპიაშვილი

SMS

"დღევანდელი მდგომარეობით, 500 განცხადებას მოვიაზრებთ, რაც აქტიურ შესწავლას ექვემდებარება", - ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელმა აკრძალულ უნებართვო რეკლამებზე საუბრისას განაცხადა. როგორც ნიკოლოზ პოპიაშვილმა "საქმის კურსის" ეთერში აღნიშნა, ზოგიერთი კომპანია სარეკლამო SMS-ებს კვლავ აგზავნის.

"სამსახურმა თითოეულ მათგანზე შესწავლა უკვე დაიწყო და რეაგირებისთვის მას კონკრეტული ვადა აქვს. 2-3 თვის ვადაში დასრულდება შეტყობინებების განხილვა. თითოეულ შემთხვევას სიღრმისეულად, დეტალურად შევისწავლით. შესაძლოა, დიდი რაოდენობის სამართალდარღვევა გამოვლინდეს" , - აღნიშნა მან.

დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, პასუხისგება დანაშაულის ზომიდან გამომდინარე იქნება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ ყველაზე მეტი დარღვევა გაყიდვებისა და საფინანსო სექტორებში ფიქსირდება.

"500 განცხადება კონკრეტული რიცხვია, შეიძლება მეტიც იყოს. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ მთავარი არის ის, რომ საზოგადოებას აღქმა ჰქონდეს, მათი უფლება დაცულია. თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია, რომ მაინც იღებს მარკეტინგულ SMS-ს, შეუძლია მოგვმართოს. თითოეული განცხადება უმეტესად კერძო სექტორზეა. საჯარო სექტორს გარკვეული სახის მარკეტინგული შეტყობინებები გაეგზავნოს, იშვიათია. კერძო სექტორში გაყიდვების, საფინანსო სექტორები ლიდერობს, რომლებიც 1-ელი მარტის შემდეგ შეტყობინებებს აქტიურად აგზავნიან", - განაცხადა ნიკოლოზ პოპიაშვილმა.

1-ელი მარტიდან "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის მიხედვით, მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავება მხოლოდ ინფორმირებული, კონკრეტული, თავისუფალი, მკაფიო, აქტიური ქმედებით გამოხატული თანხმობის საფუძველზეა დასაშვები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები