საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ, ე.წ. რუსული კანონის შესახებ ღია წერილი გამოაქვეყნა. ფადი ასლი აღნიშნავს, რომ ამ კანონის მიღება საქართველოში ავტორიტარული მმართველობის განმტკიცებისკენ გადადგმული მძიმე ნაბიჯი იქნება, რაც ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას დააზიანებს. ფადი ასლი აღნიშნავს, რომ კანონი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას ასევე საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით. ფადი ასლი აღნიშნავს, რომ ეს კანონი საქართველოს ბიზნესგარემოსაც დააზიანებს, რადგანაც ეს იქნება სიგნალი, რომ საქართველოში არაპროგნოზირებადი და ავტორიტარული გარემოა, რაც ინვესტორებს დააფრთხობს. „ანალიტიკა“–სთან ინტერვიუში ფადი ასლიმ მსხვილი ბიზნესის მიერ ამ დღეებში გავრცელებული განცხადებები შეაფასა და ბიზნესსაზოგადოებას მეტი სოლიდარობისკენ მოუწოდა.
- თქვენს ღია წერილში საუბრობთ, რომ [რუსული კანონიდან მომდინარე] რისკების ხაზგასმით, გსურთ გამოაღვიძოთ საზოგადოება და მათი ყურადღება მიაპყროთ შესაძლო შედეგებს – ვის სჭირდება დღეს ეს გამოღვიძება – არ არის სრულიად მკაფიო და გამჭვირვალე – რა შეიძლება იყოს ისეთი კანონმდებლობის მიზანი, რომელზეც მთელი დასავლეთი ამბობს, რომ რუსულია?
- ეს წერილი პირველ რიგში ისტორიისთვის დავწერე. წარსულშიც ბევრი ასეთი წერილი მაქვს დაწერილი. მაგრამ როგორც ფრანგული ანდაზა ამბობს – არავინაა იმაზე ყრუ, ვიდრე ადამიანი, რომელსაც არ სურს მოსმენა. ამ ადამიანებს მოსმენა არ უნდათ. მათ მათი პირადი ინტერესები ამოძრავებთ. იგივეს ვიტყვი ზოგიერთ ბიზნესმენზეც – მათ არ ადარდებთ – მათთვის მთავარი ფულის კეთებაა, მათთვის არ არის გადამწყვეტი მათი ქვეყნის განვითარების მომავალი მიმართულება. ეს ძალიან სამწუხაროა. ზოგიერთი ქართველი – პატრიოტი – მხოლოდ სუფრასთან ხდება. აწევს ჭიქას და საქართველოს სადღეგრძელოს დალევს. გამოაცალე სუფრა და მზად არის ქვეყანა 1 ლარად გაყიდოს.
- არის დღეს ასეთი დამოკიდებულების დრო? არაფერი პირადი – მხოლოდ ბიზნესი? ვერც იმას ვიტყვით, რომ ბიზნესები, რომლებიც თქვენც და მეც ვიგულისხმეთ, ვერ ხვდებიან იმას, თუ რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს საქართველოსთვის...
- ეს ბიზნესმენები მთავრობის მძევლები არიან. სერვისები აქვთ მიღებული და ახლა ამ წრიდან ვეღარ გამოდიან. ან პირადი ინტერესები აქვთ – პარტნიორობენ მთავრობის წარმომადგენლებთან სხვადასხვა ბიზნესში და ასეც აპირებენ გაგრძელებას. მაგრამ ცხოვრებაში უნდა აარჩიო – ან პრინციპები, ან ინტერესები. ამ ბიზნესმენებმა საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გააკეთეს ეს არჩევანი. ისინი ძალიან მდიდრები არიან. თუ საქართველოში სიტუაცია დამძიმდება, ისინი მოკიდებენ ხელს თავიანთ შვილებს, ოჯახებს და ევროპაში წავლენ საცხოვრებლად. ფასს კი ის ადამიანები გადაიხდიან, რომლებსაც საქართველოს დატოვების შესაძლებლობა არ აქვთ და რომლებსაც სიღატაკეში ცხოვრება მოუწევთ დიდი ხნის განმავლობაში. ზუსტად ისე , როგორც ყველა ის რუსი ცხოვრობს დღეს ვლადიმირ პუტინის დიქტატორულ რეჟიმში. უფლებების, თავისუფლების გარეშე. ბოსტნეულივით.
- მეორე მხრივ, ფადი – ეს ხომ ის ადამიანები არიან, რომლებიც სხვა ბევრ ადამიანსაც ასაქმებენ. მათი გადაწყვეტილებები ხომ ამ ადამიანებსაც ეხებათ. დღეს შეიძლება ეს არგუმენტად ჩავთვალოთ იმისთვის, რომ ღია პოზიციის არდაჭერა ვაპატიოთ და ის ბუნდოვანი განცხადებები, რომლებიც იფარგლებოდა გამჭვირვალობის მხარდაჭერით, ევროპისკენ სვლის აუცილებლობით?
- მოდი, ელენე, თქვენთან ისეთივე გულწრფელი ვიქნები, როგორც ყოველთვის. შესაძლოა, მთავრობამ დააზიანოს ერთი ან ორი ბიზნესმენი. მაგრამ ვერაფრით დააზიანებენ მთელს ბიზნესსაზოგადოებას. მაგრამ ამისთვის საჭიროა რომ მთელ ბიზნესსაზოგადოებას ერთიანი პოზიცია ჰქონდეს. აი, მაგალითად, მთელმა ბიზნესმა რომ თქვას, ჩვენ არ გვინდა ეს რუსული კანონი და თუ მას ხელისუფლება მაინც დაამტკიცებს – მაშინ ჩვენ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას გამოვაცხადებთ. რა უნდა ქნას ასეთ დროს მთავრობამ? ყველას ციხეში გაუშვებენ? გააჩერებენ ქვეყნის ეკონომიკას? რა თქმა უნდა – ვერ. როცა ბიზნესსაზოგადოებას ეხება საქმე, სხვა ქვეყნებში უფრო პატრიოტულია ბიზნესი, ვიდრე საქართველოში. მინახავს ეს სხვა ქვეყნებში, როდესაც ბიზნესი იღებს მტკიცე სოლიდარულ პოზიციას – როცა ქვეყანას რაღაც მძიმე და ცუდი ემუქრება. საქართველოში ეს ინდივიდუალურია. ქართველები ზოგადად ინდივიდუალისტები არიან, არ უყვართ ერთმანეთის დახმარება – როგორც მაგალითად სომხებს ან ებრაელებს. ეს დიდი პრობლემაა.