საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე 2025 წლის ტურისტულ სტატისტიკას აჯამებს და აცხადებს, რომ ადმინისტრაციის პროგნოზები სრულად გამართლდა.
ომიაძის განცხადებით, ზრდა დაფიქსირდა თითქმის ყველა სტრატეგიული ბაზრიდან.
„2025 წელი შეჯამებულია და, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან კარგი ციფრებით დასრულდა. ტურისტული ვიზიტების რაოდენობა რეკორდულია საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიდან. ასევე უპრეცედენტოდ გაიზარდა მოგზაურთა რაოდენობა საუდის არაბეთიდან, ისრაელიდან და დიდი ბრიტანეთიდან“, – აღნიშნა მან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ვიზიტების ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მიზნობრივი ტურისტული ბაზრების მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნამ და ფრენების სიხშირეების გაზრდამ. თუმცა, ომიაძეს არ უთქვამს, რომელია სამიზნე ქვეყნები და ბაზრები.
მისივე განმარტებით, 2026 წლიდან დაგეგმილია ახალი ავიამიმართულებების დამატება, ფრენების სიხშირეების ზრდა და სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგული კამპანიების გაგრძელება.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 2024 წელთან შედარებით 8.4%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში ქვეყანაში 7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც წლიურად 5.9%-იანი ზრდაა.




























