Reuters-ისა და Ipsos-ის მიერ ერთობლივად ჩატარებული საყოველთაო გამოკითხვით დადგინდა, რომ ზრდასრული ამერიკელების 71%-ს ხელოვნური ინტელექტის გამო უმუშევრად დარჩენის შიში აქვს.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი მხოლოდ 4.2%-ზეა.
გამოკითხულთა 77% ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკური დეზინფორმაციისთვის გამოყენების საფრთხესაც ხედავს. ისინი შიშობენ, რომ ახლო მომავალში AI ტექნოლოგია ფოტო-ვიდეო მანიპულაციებისთვის მნიშვნელოვანი იარაღი გახდება.
ზრდასრულ ამერიკელთა თითქმის ნახევარი, 48% კატეგორიულად ეწინააღმდეგება იდეას, რომ ამერიკის არმიამ ხელოვნური ინტელექტი საბრძოლო სამიზნეების დადგენისთვის გამოიყენოს. აღსანიშნავია, რომ ამ იდეას გამოკითხულთა 24% უჭერს მხარს.
Reuters-მა და Ipsos-მა ადამიანებს ასევე ჰკითხეს, რას ფიქრობდნენ AI ტექნოლოგიის განვითარების მიზნით ელექტროენერგიის გამოყენების ზრდაზე. გამოკითხულთა 61%-მა არსებული ვითარება უარყოფითად შეაფასა.
რაც შეეხება განათლების სექტორში AI ტექნოლოგიის დანერგვას, მას მხოლოდ 36% უჭერს მხარს. 40% კი სკეპტიკურადაა განწყობილი.




























