მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზრდის მიუხედავად, ონლაინ ვაჭრობაში საქართველო EU-ს კვლავ ჩამორჩება - Galt & Taggart

amazon

პროგრესის მიუხედავად, საქართველო კვლავ ჩამორჩება ევროკავშირის მაჩვენებელს ონლაინ მოვაჭრეთა მაჩვენებლით - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებული კვლევაში წერია, რომელიც საქართველოში ელექტრონული კომერციის სექტორის ეხება.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2024 წელს ელექტრონულ კომერციაში ჩართული კომპანიების წილი საქართველოში მხოლოდ 4% იყო, ევროკავშირში კი 21%. მსხვილი კომპანიების შემთხვევაში განსხვავება მნიშვნელოვნად მცირდება, საქართველოში მსხვილი კომპანიების 26.6% აქვს ონლაინ გაყიდვები, ხოლო ევროკავშირში 31.4%. ეს კი მიუთითებს, რომ ზრდის დიდი პოტენციალი მცირე და საშუალო ზომის კომპანიებშია.

საინვესტიციო ბანკი ასევე წერ, რომ საქართველოში ბაზრის ძირითადი მოთამაშეები Wolt, Glovo, Bolt, Yandex, biletebi.ge და tkt.ge არიან. აქედან პირველი ოთხი საერთაშორისო კომპანიაა, რომელთა ქართულ ბაზარზე შემოსვლა ელ-კომერციის ბაზრის განვითარების მთავარი ფაქტორი იყო.

საქონლით ვაჭრობის სექტორში კონკურენცია ბევრად მაღალია. კვლევაში წერია, რომ აქ ძირითადი მოთამაშეები არიან Veli.Store და Extra.ge, ხოლო უცხოეთიდან გამოწერებში Temu, Amazon, Ebay, Aliexpress, Taobao, Trendyol, Zara და FarFetch-ი.

საინვესტიციო ბანკის მიერ მომზადებულ კვლევაში ასევე წერია, რომ 2018 წლიდან ელექტრონული კომერციის სექტორი გაათმაგდა და 3.5 მილიარდ ლარს მიაღწია. ზრდა 2025 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა (40% წლიურ ჭრილში). Galt & Taggart-ის შეფასებით, 2025 წელს ბაზრის ზომა 4.7 მლრდ ლარს მიაღწევს. ამასთან, 2024 წელს ელ-კომერციის ბაზრის 61% ადგილობრივ გაყიდვებზე მოდიოდა, ხოლო დარჩენილი 39% - უცხოეთიდან განხორციელებულ შეკვეთებზე.

საქართველოში დაახლოებით 10 ათასი კომპანია ყიდის პროდუქციას ონლაინ, აქედან 57.8% იყენებს მესამე მხარის პლატფორმებს (Wolt, Glovo, Yandex, Bolt, Veli.Store, Extra.ge). კომპანიები ონლაინ გაყიდვისთვის ხშირად მიმართავენ შერეულ ტაქტიკას და პროდუქციას ყიდიან როგორც საკუთარ ვებ-გვერდზე, ასევე მესამე მხარის პლატფორმაზე.

უცხოური საიტებიდან ქართულ ბაზარზე ჩინური Temu ლიდერობს. მან თავად დააკონტრაქტა გადამზიდი კომპანიები, რამაც ვაჭრობის პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა.

"საერთაშორისო ონლაინ მაღაზიების უმეტესობა (Temu-ს გარდა) არ აგზავნის ამანათს პირდაპირ საქართველოში და მომხმარებელი პროდუქტის ჩამოსატანად იყენებს გადამზიდავ კომპანიებს. საქონლის შესყიდვიდან მომხმარებლის სახლამდე ჩამოტანის პროცესი ჩვეულებრივ გრძელდება 2-3 კვირის განმავლობაში და საჭიროებს მომხმარებლის ხშირ ჩართულობას.

პროცესი მოიცავს პროდუქტის ყიდვას საერთაშორისო საიტზე, შემდგომ მის მიტანას გადამზიდავი კომპანიის უცხოურ საწყობებში, საიდანაც გადამზიდავს ამანათი ჩამოაქვს საქართველოს რომელიმე ქალაქში განლაგებულ თავის ოფისში (ქართული საწყობი). მომხმარებელს ქართული საწყობიდან თავად გამოაქვს ამანათი, ან დამატებითი საფასურს სანაცვლოდ ითხოვს კურიერს ამანათის სახლამდე მისატანად. ამასთან, მომხმარებლები პასუხისმგებელნი არიან საბაჟო დეკლარაციაზე და 18%-იანი დღგ-ს გადახდაზეც თუ პაკეტის ღირებულება 300 ლარს აღემატება. პროცესის ასეთი სირთულე არის უცხოეთიდან გამოწერების ერთ-ერთი მთავარი უარყოფითი მხარე, რაც Temu-ს გარდა ყველა სხვა გამოწერას ეხება", - წერია კვლევაში.

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, ქართველი მომხმარებლები, როგორც წესი, საერთაშორისო პლატფორმებზე ყიდულობენ ტანსაცმელს, ელექტრონიკას, კოსმეტიკას, პარფიუმერიას და სახლის ნივთებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები