საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საბაჟო გზავნილებთან დაკავშირებული მოქმედი შეღავათების გადახედვისა და შესაძლო ცვლილებების მიზანშეწონილობის განხილვა მიმდინარეობს - ასე უპასუხეს ლაშა ხუციშვილის უწყებაში BMG-ის კითხვას, რომელიც განბაჟების 300-ლარიანი შეღავათის გაუქმებასა და TEMU-სა და სხვა ონლაინ-ვაჭრობის პლატფორმებიდან გამოწერების დღგ-ით დაბეგვრას შეეხებოდა.
როგორც ცნობილია, საცალო და ელექტრონული კომერციის ბიზნესი სახელმწიფოსგან თანაბარ პირობებს ითხოვს - საუბარია იმაზე, რომ TEMU-მ და სხვა ონლაინ-ვაჭრობის პლატფორმებმაც დღგ საქართველოში გადაიხადონ. ასევე, ადგილობრივი რიტეილ ბიზნესის სურვილია, განბაჟების 300-ლარიანი ზღვრის გაუქმებაც. კერძო სექტორის ინფორმაციით, ამ თემებზე ფინანსთა სამინისტროს და სხვა ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით რამდენიმე სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა.
"საბაჟო გზავნილებთან დაკავშირებით მოქმედი შეღავათების მიზანშეწონილობის საკითხზე ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან კომუნიკაცია შედგა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაძლო ცვლილებების მიზანშეწონილობის განხილვა, მათ შორის - მომხმარებელთა ინტერესების, ბიზნესგარემოსა და საბაჟო ადმინისტრირების ეფექტიანობის გათვალისწინებით", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს წერილობით პასუხში.




























