BMG გთავაზობთ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, "ჯეოქეისის" მრჩეველთა საბჭოს წევრის ნიკა ალავიძის ბლოგს.
"ძალიან მნიშვნელოვანია თანხა, რასაც ჩვენი ემიგრაციისგან ვიღებთ, მაგრამ ეს ფული ბიუჯეტში ხომ არ ჩარიცხულა?“
სამწუხაროდ, ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთ წევრს [დავით მათიკაშვილს] ეკუთვნის და ვიდრე გავერკვევით, თუ რისი თქმა უნდოდა ამ არადიდებულ მოაზროვნეს,
დავაზუსტოთ საბაზისო ტერმინები:
მშპ (GDP) — ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში შექმნილი ყველა პროდუქტისა და მომსახურების ღირებულება.
საქართველოს ნომინალური მშპ 2024: 92 მლრდ ლარი (დაახლოებით, $33.8 მილიარდი)
2025 პროგნოზი: $36.65 მლრდ (ინფლაციით დაუკორექტირებელი, მიმდინარე ფასებით)
რემიტენსები [ფულადი გზავნილები] - ემიგრანტების მიერ ქვეყანაში გამოგზავნილი ფული, რომელიც მშპ-ში სრულად აისახება და ეკონომიკური საქმიანობის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მდგენელია.
„რემიტენსი არის „ზრუნვით შეფუთული დოლარები“ “(ფული, რომელიც პირდაპირ შედის ოჯახებში, განათლებაში, ჯანდაცვაში და მცირე ბიზნესში.“
“Remittances are dollars wrapped with care”
WB, Dilip Ratha, Lead Economist & Head of KNOMAD, The World Bank https://www.worldbank.org/en/news/video/2019/12/05/expert-answers-remittances
სახელმწიფო ბიუჯეტი — ქვეყნის მთავარი ფინანსური გეგმა, სადაც გროვდება ფული (გადასახადები და სხვა შემოსავლები) და რაც (უნდა) იხარჯება(დეს) ქვეყნის კეთილდღეობისთვის (ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, ინფრასტრუქტურა, თავდაცვა და ა.შ.).
ბიუჯეტის მიზანია, საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა, ეკონომიკური განვითარება და მოქალაქეებისთვის საჭირო სერვისების უზრუნველყოფა.
არაფერია იმაზე მარტივი, რომ გაიგო რომელი ქვეყანა როგორ ცხოვრობს, შეამოწმე მისი ბიუჯეტის, შემოსავლების და ხარჯების სტრუქტურა. (ხალხური).
რატომ არის ეს განცხადება ეკონომიკურად სახიფათო და დასაგმობი და თქვენი ყურადღების ღირსი?
რემიტენსები არის ეკონომიკის ჟანგბადი, რომლის გარეშე განვითარებადი ან დაბალ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა უბრალოდ ჩაიფერფლება.
სამწუხაროდ, სწორედ ამ ფულზე დგას ათიათასობით ოჯახი, ბიზნესის დიდი ნაწილი და თვითონ სახელმწიფოს ბიუჯეტიც.
კონკრეტულად, ციფრებში ეს ყველაფერი ბოლო 14 წლის მანძილზე:
2013 — რემიტენსების წილი მშპ-ში, 11%
2022 — წილი მშპ-ში 16%, [აქ “დავწინაურდით” მსოფლიოში 24-ე ადგილი დავიკავეთ]
2023 — $3.3 მლრდ; 10.9%
2024 — კვლავ 12%
წყარო: PMCG, NBG, World Bank
ანუ ბოლო 14 წელიწადში რემიტენსების მოცულობა გაორმაგდა.
რაც ქართული ემიგრაციის დიდი საჩუქარია ქვეყნისთვის, არა მხოლოდ მათი ოჯახის წევრებსიათვის, არამედ მთელი ქვეყნისათვის.
ესაა უმძმესი შრომის, და სიცოცხლის დაკარგული საუკეთესო წლები, რაც საყვარელ ადამიანებთან განშორების თავგანწირვით არის “შეზავებული” და შეუფასებელია ნებისმიერი ქვეყნისა და ერისათვის.
„ეს ფული ბიუჯეტში არ ჩარიცხულა“ იყო განცხადება…
დიახ, პირდაპირ არა, მაგრამ მაინც ჩაირიცხება, პირდაპირ ბიუჯეტში. ზუსტად იქ, სადაც არაკეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები უმოწყალოდ აფათურებენ ხელს.
დიახ, ეს ფული ხაზინაში პირდაპირ არ შედის, მაგრამ მაინც შედის. ეს როგორ? აი ასე, გადასახადების სახით. ზუსტად იმ კანონზომიერებით, როგორც ძველი რომაელები ამბობდნენ: “სიკვდილს და გადასახადებს ვერავინ გაექცევაო”.
ანუ, ეს თნხები ჯეროვნად აისახება ხაზინაში სხვადასხვა გადასახადების სახით, როგორიცაა:
- დღგ
- აქციზი
- მოგების და საშემოსავლო გადასახადი
- საბანკო პროცენტები და სხვა საკომისიოები
- უძრავი ქონების შეძენა
- განათლება, როგორც დაწყებითი და საშუალო, ისე უმაღლესი
- უამრავი სამომხმარებლო დანახარჯი
- რესტორნები და ჰორეკა, მედიცინა და ა.შ. დაუსრულებლად
სადაც იხარჯება ემიგრანტის მიერ გამოგზავნილი 1 ლარი, იქიდან მინიმუმ მეოთხედი პირდაპირ ბიუჯეტში მიდის.
დიახ, და ეს ჯადოქრობა არაა, ეს საქართველოში საგადასახადო შემოსავლების წილის “დამსახურებაა” მშპ-თან მიმართებით, რაც OECD მიხედვით, 2023 წელს 24.4%-ს შეადგენდა.
2024 წელსაც ეს ციფრი არ შეცვლილა და 24–25% ფარგლებში მერყეობს.
ანუ, თუ 2024-ში რემიტენსების/ფულადი გზავნილების სახით ქვეყანაში შემოვიდა 3.36 მილიარდი დოლარი, აქედან, დაახლოებით $800 მილიონი პირდაპირ აისახა ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების სახით.
დიახ, ეს ფული ნამდვილად და პირდაპირ შედის ბიუჯეტში, უბრალოდ არა ბიუროკრატების ხელმოწერითა და “ლოცვა-კურთხევით”, არამედ ემიგრაციაში მყოფი ხალხის შრომით.
“რემიტენსები უმეტესად უფრო ეფექტურად და ინკლუზიურადაა გადანაწილებული ეკონომიკაში, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI), ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის.” ეს ციტატა, IMF-ს ეკუთვნის
„Remittances: A Lifeline for Development“ (Finance & Development, Back to Basics). https://www.imf.org/external/pubs/ft/fandd/2005/12/basics.htm
რა მოხდება თუ რემიტენსები შემცირდება, მაგალითად 20%-ით.
(სიმულაცია ხომ უყვარს ე.წ. მთავრობას, დავასიმულიროთ ჩვენც):
- მშპ შემცირდება 3%-ით
- მცირე და საშუალო ბიზნესებს შეექმნება “ეგზისტენციალური” საფრთხე
- გაიზრდება NPL, ანუ საბანკო სესხების ხარისხი დაეცემა, გადავადება/რესტრუქტურიზაცია/გადაუხდელობა — გაზრდილი რეზერვები
- გაიზრდება ლარზე ზეწოლა და ინფლაცია
- სერიოზული დატვირთვა უძრავი ქონების ბაზარზე და ა.შ.
განვითრებად ეკონიმიკებში, რემიტენსები არის ეროვნული ვალუტის სტაბილურობის მთავარი ბუფერი.
ამ ფულის გარეშე ლარი უბრალოდ ვერ იდგება “ღირსებით, ორ ფეხზე”.
უნდა გვესმოდეს, რომ ემიგრანტები საკუთარი ოჯახების სპონსორები კი არა, ქვეყნის მფარველი ანგელოზები არიან.
მათ გულწრფელი მადლობა ეკუთვნით ყველა მოქალაქისგან, და არა კითხვა, ცინიკური რიტორიკით:
„მაგრამ ეს ფული ბიუჯეტში ხომ არ ჩარიცხულა?“
მინიმუმ 1,001 შესაძლო სწორი მიმართვიდან, პასუხისმგებლობიანი და განვითარებული ადამიანის ერთ-ერთი სწორი ფორმულირება, ალბათ იქნებოდა: „მადლობა ემიგრანტებს, ჩვენს დიასპორას, რა დასაფასებელია, რომ მათ მიერ ჩარიცხული თანხები ჯერ მათ ოჯახებს, შემდეგ ეკონომიკას და ბოლოს ბიუჯეტს აძლევს სიცოცხლეს.“
იმ ბიუჯეტს, რომელსაც ასე დაუნდობლად ხარჯავს კორუმპირებული სახელისუფლებო “შმელიტ-ბომონძღის” მნიშვნელოვანი ნაწილი.
„ქვეყანა, სადაც რემიტენსები მშპ-ის 10–15%-ს შეადგენს, არა მხოლოდ “სუსტი” ან “ჩამორჩენილია”, არამედ ესაა თანამედროვე განვითარებადი ქვეყნის ტიპური მაგალითი, რომლის ეკონომიკური სტაბილურობა და ზრდა მნიშვნელოვან წილად ემყარება ემიგრანტების შრომით გამომუშავებულ კაპიტალს.“
დილიპ რათჰა (World Bank) & დევეშ კაპური (Johns Hopkins SAIS)
რემიტენსები არის ქვეყნის ეკონომიკური ფილტვი. ვინც ფილტვის ფუნქციას ვერ ხვდება, ალბათ სუნთქვა ზებუნებრივი სასწაული ჰქონია.
“ვინც ერთს ამ მცირეთაგანს თუნდაც ერთ სასმის ცივ წყალს დაალევინებს მოწაფის სახელით, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას არ დაეკარგება თავისი საზღაური”.
მათე 10:42
პ.ს.
ბლოგი ეძღვნება დიდებული ადამიანის, ციალა დეიდას ხსოვნას.
გამოყენებული და სასარგებლო წყაროები
International Monetary Fund (2005) Remittances: A lifeline for development. Finance & Development, Back to Basics
https://www.imf.org/en/publications/fandd/issues/series/back-to-basics/remittances
International Monetary Fund (2008) Macroeconomic consequences of remittances. IMF eLibrary
https://www.elibrary.imf.org/view/book/9781589067011/ch08.xml
International Organization for Migration (IOM) (2024) World Migration Report 2024. IOM Publications
https://www.migrationdataportal.org/themes/remittances-overview
National Bank of Georgia (NBG) (2024) Money transfers statistics
https://nbg.gov.ge/en/statistics/money-transfers
OECD (2025) Revenue Statistics in Asia and the Pacific 2025. Paris: OECD Publishing
https://www.oecd.org/tax/tax-policy/revenue-statistics-asia-and-pacific.htm
PMCG Research Center (2023) The effect of remittance inflows on the Georgian economy at macro level
https://www.pmcresearch.org/slider_file/1014655b2cc6e9308.pdf
State Commission on Migration Issues (Georgia) (2024) Migration Profile of Georgia
https://migration.commission.ge/files/eng.pdf
The Guardian. (2024, May 7) Soaring remittances to developing nations overtake foreign direct investment
https://www.theguardian.com/global-development/article/2024/may/07/soaring-remittances-to-developing-nations-overtake-foreign-direct-investment
World Bank (2019) Expert answers: Remittances.
https://www.worldbank.org/en/news/video/2019/12/05/expert-answers-remittances
World Bank (2025) Personal remittances, received (% of GDP) — Georgia. World Development Indicators.
https://data.worldbank.org/indicator/BX.TRF.PWKR.DT.GD.ZS?locations=GE
World Bank (2024) Remittances data and KNOMAD migration brief.
https://www.worldbank.org/en/topic/migration/brief/remittances-knomad



























