საქართველოში ძირითადად სმარტფონების რეალიზაციით რამდენიმე კომპანია არის დაკავებული, მათ შორის ზუმერი ყველა ძირითადი ბრენდის ტექნიკის რეალიზატორია, ხოლო აიპლუსი და აიტექნიკი უშუალოდ Apple-ის სმარტფონებით, კომპიუტერებითა და აქსესუარების რეალიზაციით არის დაკავებული. 2023 წელს საქართველოში სულ 285 მილიონი დოლარის ღირებულების 878 ათასი მობილური ტელეფონების იმპორტი განხორციელდა, რაც ლარებში 775 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო ერთი საშუალო ტელეფონის იმპორტის ფასი 325 დოლარს, ანუ 883 ლარს შეადგენდა. ამ დროისთვის 2023 წლის ფინანსური ანგარიშგებები გამოქვეყნებული აქვთ სმარტფონებით, ლეპტოპებითა და აქსესუარებით მოვაჭრე ძირითად კომპანიებს, რომელთა გაყიდვების მოცულობები 2023 წლისთვის ასე ნაწილდება:
ზუმერი:
შემოსავლები 2023 წელს - 576 მილიონი ლარი, წმინდა მოგება 2023 წელს 14.5 მილიონი ლარი;
აიპლუსი:
შემოსავლები 2023 წელს - 106.3 მილიონი ლარი, წმინდა მოგება 2023 წელს 1.2 მილიონი ლარი;
აიტექნიკი:
შემოსავლები 2023 წელს - 40 მილიონი ლარი, ზარალი 2023 წელს -0.4 მილიონი ლარი;
გარდა ამ კომპანიებისა, სმარტფონების რეალიზაციით დაკავებული არიან ელექტროტექნიკით ვაჭრობის სექტორში მოღვაწე სხვა კომპანიებიც, როგორიცაა ალტა და ელიტ ელექტრონიკსი, მეგატექნიკა და სხვა კომპანიებით, თუმცა მათი გაყიდვები უფრო დივერსიფიცირებულია და ის საყოფაცხოვრებო ტექნიკასაც მოიცავს. 2023 წელს "ალტას" შემოსავლები 389 მილიონ ლარს შეადგენდა, ელიტ ელექტრონიკსს 2023 წლის ფინანსური მაჩვენებლები გამოქვეყნებული არ აქვს, ხოლო მეგატექნიკას 114.4 მილიონი ლარის გაყიდვები ჰქონდა.