მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურა ჯაფარიძე განმარტავს, რატომ ვერ ხედავს სტანდარტული საარჩევნო პროგრამის საჭიროებას

ცვლილებებისთვის

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სტანდარტული წინასაარჩევნო პროგრამის და მით უმეტეს მისი გასაჯაროების საჭიროებას ვერ ხედავს.

პოლიტიკოსი აღნიშნულს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური რეალობით ხსნის და განმარტავს, რომ პრეზიდენტის "ქართულ ქარტიაზე“ ხელის მოწერით კოალიცია, რომელიც პარტია „ახალს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ და „დროას“ აერთიანებს, პრიორიტეტად დოკუმენტში გაწერილ რეფორმებს ადასტურებს.

ზურაბ ჯაფარიძე ირწმუნება, რომ მოსახლეობის მთავარი დაკვეთა ახლა ხელისუფლების შეცვლაა.

"იმერეთი, რაჭა, სამეგრელო, აჭარის და გურიის ნაწილი - ამ რეგიონებში ვიყავი და არ შემხვედრია არცერთი ადამიანი, რომელიც მკითხავდა - „კონკრეტულად, მე რას მპირდებით“. სრულიად განსხვავებული რეალობაა, თუნდაც 2020 წელთან შედარებით. ადამიანებს რაც აინტერესებთ, ეს არის ცვლილება. 12 წელია უყურებენ ამ ხელისუფლებას და ბევრი რაღაცით არიან უკმაყოფილო. სულ რომ ფანტასტიკური ხელისუფლება ყოფილიყო, 12 წელი ყველასთვის ზედმეტია. ხალხს სიახლე უნდა, ამიტომ მეცინება ხოლმე, სხვადასხვა პარტია რომ დადის და ამბობს, ამას და იმას ვპირდებითო, თან მგონია დამაჯერებელიც არაა მსგავსი დაპირებები და არც მუშაობს“, - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

მისივე თქმით, ახლა ყველაზე მთავარია, 26 ოქტომბერს „წერტილი დაესვას რუსულ ხელისუფლებას“.

- არაორდინარული ვითარებაა ქვეყანაში. ეს არაა ჩვეულებრივი წინასაარჩევნო კამპანია, სადაც პარტიები ერთმანეთს წინასაარჩევნო პროგრამებით ეჯიბრებიან, თან მას შემდეგ რაც გიორგი გახარიას პარტიამაც მოაწერა ხელი პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“, ეს იმას ნიშნავს, რომ ოთხი მსხვილი პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც აქვს შანსი, გადალახოს 5%-იანი ბარიერი, ყველა „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერია. შესაბამისად, მთავარი რეფორმები, რომელსაც ყველა ეს ჯგუფი ჰპირდება ამომრჩეველს, ქარტიაშია გაწერილი, საიდანაც რამდენიმე პრინციპულად მნიშვნელოვანია და იმეორებს ევროკავშირის ცხრა პუნქტს, რომელიც საქართველოს სჭირდება გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დასაწყებად. რეფორმები ეხება მართლმასაჯულების სისტემას, საარჩევნო სისტემას, კორუფციასთან ბრძოლას და დეოლოგარქიზაციას. ყველა პარტია შეთანხმებულია, რომ ამ რეფორმებს ჩავატარებთ, შემდეგ ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები და 4-5 წელიწადში საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.

- ანუ სტანდარტული საარჩევნო პროგრამა არ გექნებათ?

- გვაქვს ერთი დიდი პრეზენტაცია, სადაც შევაჯერეთ ხედვები მიმართულებების მიხედვით, როცა იქმნებოდა კოალიცია, მაგრამ გამოქვეყნებული არ გვაქვს.

- რადგან ვერ ხედავთ საჭიროებას?

- ვერა... თუ რაღაც საკითხებზე აინტერესებთ ჩვენი ხედვა, რა თქმა უნდა, ვუყვებით, რაზე ვართ შეჯერებული კოალიციაში, მაგრამ ძირითადი აქცენტი გვაქვს ქართულ ქარტიაზე, რადგან მთავარი საქმეა ქარტიაში გაწერილი რეფორმების განხორციელება.

პრეზიდენტის "ქართული ქარტია" - სრული ტექსტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები